ხობში საბჭოთა ლიდერების სტალინისა და ბერის სახელობის ქუჩებს სახელები გადაარქვეს, ზუგდიდში კი დღემდე, ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურთან ქუჩა ლავრენტი ბერიას სახელს ატარებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ზუგდიდის საკრებულოში ამას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სურვილის გათვალისწინებით ხსნიან. „ლაივპრესი“ შეეცადა გაერკვია, იყვნენ თუ არა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგები ხობში.
ხობის საკრებულოში გვითხრეს, რომ ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის ინიციატორი ადგილობრივი მცხოვრები ნუგზარ შონია იყო.
გაირკვა, რომ მოქალაქემ სახელწოდების შეცვლის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 15 წლის წინ მიმართა.
„პირველად 2005 წელს მოვითხოვე და სტალინის ქუჩაზე მცხოვრების 175 ხელმოწერაც შევაგროვე, შემდეგ 2007 და 2015 წელსაც, თუმცა მოთხოვნაზე უარის მიზეზსაც ვერ ვიგებდი. ბოლოს ერთდროულად 2 საკითხი დავაყენე, სტალინის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება და ასევე სოფელ ხიბულაში მდებარე სახლისთვის, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ამ საკითხზე შევხვდი სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას და მივმართე კულტურის სამინისიტროსაც“, – გვითხრა ნუგზარ შონიამ.
კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მის ინიციატივას მოწინააღმდეგები, მოქალაქე ამბობს, რომ მოსახლეობის გარკვულმა ნაწილმა საწინააღმდეგო აზრი საჯარო განხილვებზე გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტალინის ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას, ბერიას ქუჩისთვის გმირის ჟიული შარტავას სახელები მიენიჭებინათ.
ხობის საკრებულოში განმარტავენ, რომ მოქალაქის მოთხოვნას ამჯერად 110 ადამიანის ხელმოწერა ჰქონდა.
„მოქალაქის მოთხოვნა გადაიგზავნა სახელმწიფო სახელდების კომისიაში, კომისიიდან დადებითი პასუხი გამოგვიგზავნეს, მოვაწყვეთ საჯარო განხილვები, სადაც სპეციალური გამოკითხვის ბლანკი დავურიგეთ მოქალაქეებს, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი იყო, თუმცა კი საბოლოდ მაინც სახელის შეცვლა გადაწყდა“- განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანათარიამ.
საბჭოთა ლიდერების სახელების მატარებელი ქუჩებისა და სოფლებისთვის სახლეწოდებების გადარქმევის ინიციატივა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ჰქონდა, რამდენიმე ქუჩასაც გადაერქვა სახელი, თუმცა ზუგდიდში დღემდე არის ლავრენტი ბერიას სახელობის ქუჩა.
„ძალიან კარგია, რომ საბჭოთა ტოპონიმიკის შეცვლის ინიციატივა გადამდგები გამოდგა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის და ხობმა სტალინსა და ბერიას ქუჩებს სახელი გადაარქვა. ჩვენი ინიციატივით რამდენიმე ქუჩასა და სოფელს შეეცვალა ზუგდიდში საბჭოთა სახელწოდება, ბერიას ქუჩას კი დღემდე ვერა, რადგანაც ადგილობრივი მცხოვრებნი არიან წინააღმდეგი. ვფიქრობთ რომ ამის მისაღწევად დამატებითი კომუნიკაციაა მოსახლეობასთან საჭირო“, – ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების ნაწილი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგია, ზუგდიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მოქალაქეებთან ახლაც მუშაობენ.
„ბევრ საბჭოთა ქუჩას გადავარქვით სახელი. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, წარსულის ცუდი გადმონაშთი უნდა შევცვალოთ და ჩვენი ქვეყნისთვის სასახელო ადამიანების, თუ მნიშვნელოვანი მოვლენების სახელები უნდა დაეrქვას ქუჩებს. რამდენიმე მოქალაქესთან გავიარე კონსულტაცია და ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ მივუბრუნდებით ამ თემას, არაა გამორიცხული, მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება რომ სხვა ღირსეული ადამიანის სახელი დაერქვას ამ ქუჩას“, -ამბობს საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა.
რა ფიქრობენ თავად ბერიას ქუჩის მცხოვრებლები ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე, „ლაივპრესმა“ ისინი არაერთხელ გამოკითხა. ზოგი ფიქრობს, რომ საბჭოთა სახელწოდებები უნდა შეიცვალოს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა კავშირის პერიოდზე ნოსტალგია აქვს. სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილის აზრის გათვალისწინებას ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლება საბჭოთა სახელების შენარჩუნების მიზეზად.