ირაკლი კუპრაძე: უპრეცედენტო რამ ხდება ბათუმში, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა

410

წინა სტატია

„ლელო საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბათუმში ხელისუფლებამ ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა, „რაც ბათუმის სრულ კრიზისში შეყვანას ნიშნავს“.

როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალაქს გამოსავალს არ უტოვებს.

„უპრეცედენტო რამ ხდება ბათუმში – „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა. საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ გამოცხადდა. რეალურად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებამ ოპოზიციას, რაც ნიშნავს ბათუმის სრულ კრიზისში შეყვანას. „ოცნებამ“ დაარეგისტრირა ფრაქცია, გაიზარდა ხელფასები, დანიშნა ფრაქციის თავმჯდომარე და 5 მოადგილე, რომელთაც საკრებულოს სხდომაზე მოსვლაც კი არ უნდათ.

ბათუმი კრიზისშია, ეს კრიზისი კი იწვევს უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, სოციალურად დაუცველებისთვის, ავარიულ სახლებში მცხოვრები პირებისთვის, გადაუდებელი ჯანდაცვის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის და ა.შ.

„ქართული ოცნება“ „ჭედავს“ ბათუმს და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალაქს გამოსავალს არ უტოვებს“,- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

დღეს, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. სხდომის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები იყვნენ. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საკრებულოს 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას.