დღეს, 23 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა კვორუმი არ შედგა და სხდომა ჩაიშალა. სხდომის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციური პარტიები იყვნენ. დღის წესრიგში ორი საკითხი იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
სხდომას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. იმისათვის, რომ კვორუმი შედგეს, საკრებულოს 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს სხდომას.
გახარიას პარტიის წევრმა საკრებულოში, აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არც დღეს გამოცხადდა სხდომაზე და ამით კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამბობს, რომ ამ სხდომის მოწვევის მიზანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო. თუმცა მმართველი პარტიის წევრებმა ეს ნაბიჯი არ გადადგეს.
„ეს არის მათი პასუხისმგებლობა. როცა კობახიძე ამბობს, რომ ქუჩიდან დარბაზებში უნდა გადაინაცვლოს დიალოგმაო, ვეკითხები, სად არიან „ოცნების“ წევრები? თუკი უნდათ, რომ პროცესებმა ქუჩიდან საკრებულოში გადმოინაცვლოს, აგერ ბატონო დარბაზი“, – ამბობს ხარაზი.
ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძეა.
რეზო ხარაზის თქმით, დღეს იყო შესაძლებლობა, რომ ირაკლი კუპრაძე გამხდარიყო საკრებულოს თავმჯდომარე, „სწორედ ამიტომ არ გამოცხადდა „ქართული ოცნება“ სხდომაზე.
„ან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ან მმართველმა პარტიამ უნდა აღიაროს, რომ საკრებულოს უმრავლესობაში არის ოპოზიცია“, – ამბობს ხარაზი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის გარეშე საკრებულო უფუნქციოა, რაც ქალაქში ქმნის კრიზისს, რადგან ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვა სახის საკითხების გადაწყვეტა.
“ბათუმის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა, რომელიც მოიწვია ოპოზიციამ იმისთვის, რომ არსებული კრიზისი განმუხტულიყო. დღეს ამ კრიზისის დასრულებაში დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიები. ამ სხდომას ესწრებოდა ლელო, გახარიას გუნდი, ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ სხდომაზე არ გამოცხადდა ქართული ოცნების არც ერთი დეპუტატი. სხდომა ჩაშლილია, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ლელოდან” ირაკლი კუპრაძემ.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელი იყო იმ საკითხების განხილვა, რომელიც სხდომაზე ოპოზიციამ დააყენა. ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია, რაც კრიზისს გამორიცხავს და ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს.
“არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც წარმოდგენილია საკრებულოში, არ გადმოდგმულა შემხვედრი ნაბიჯი. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციული ძალაა, კვლავ აგრძელებს ასეთ დესტრუქციულ ქმედებას და რჩება ქუჩის ოპოზიციად. ამის დასტურია საკრებულოს თუნდაც პირველი სხდომა. ამის დემონსტრირება დღევანდელი სხდომა, როდესაც მათ დღის წესრიგში შეიტანეს ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობის საკითხი”, – განაცხადა აფხაზავამ.