ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ”ქართული ოცნება” არ მივიდა – გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება

561

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. სხდომა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით დღეს, 23 დეკემბერს 11 საათზე უნდა გამართულიყო. ”ქართული ოცნების წევრები” საკრებულოში არ მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს

გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება.

ოპოზიციის მოთხოვნით, სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებს: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.

სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის”, ”ლელოს” და პარტია ”საქართველოსთვის” ერთი წევრი გამოცხადდა. 16 ხმა კი ქვორუმისთვის არასაკმარისი იყო.

”ჩვენი მოთხოვნა იყო საკრებულოს სხდომის ჩატარება, ”ოცნების” ფრაქცია ჯერ-ჯერობით არ ჩანს.  რეგლამენტის მიხედვით ერთსაათიან შესვენებას ვაცხადებთ და დაველოდებით, იქნებ შემოგვიერთდნენ,” – განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

”ქართულმა ოცნებამ” და ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს ქალაქის კრიზისისთვის გაწირა – აცხადებენ გიორგი გახარიას თანაგუნდელები.

”დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, რადგან ”ქართულა ოცნებამ” ბოიკოტი გამოუცხადა წარმომადგენლობით ორგანოს, რაც არის უპრეცედენტო ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ ისინი წავიდნენ ამ გზით და არ წავიდნენ გზით, რომელიც კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საკრებულო ასრულებდეს იმ მოვალეობას, რაც კანონით აქვს დაკისრებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ პირველ სხდ0მაზე პირისპირ დავტოვეთ ”ქართული ოცნება” – ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმდნენ იყო უფლებამოსილების ცნობა. უპასუხისმგებლო აქტი, რომელმაც საბოლოოდ შედეგი ვერ გამოიღო. პროცესებში განსაკუთრებული პასუხიმგებლობა ოცნებას ეკისრება,” – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, სხდომა გახსნილად ვერ გამოცხადდება, რადგან საკრებულოს 18 წევრი კი ვერ შეიკრიბა. ის ლეგიტიმური ვერ იქნება.

საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.