ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მანამდე კი განცხადება გააკეთა, გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, რომელიც ასევე ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
გარდაცვლილი დეპუტატის დამ ხელისუფლება მისი ძმის გარდაცვალებამდე მიყვანაში დაადანაშაულა. ნაზი ფუტკარაძე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
”დღეს სხდომა უნდა გაეხსნა ჩემს ძმას, როგორც საკრებულოს უხუცესს წევრს. უმძიმესი იყო ჩემთვის ამ სხდომაზე დასწრება, უმძიმესი იყო ჩემი მოსვლა და ნაბიჯის გადმოდგმა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ იმათ წინაშე, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა და დაგვაყენა იმ რეალობის წინაშე, სადაც ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური უმრავლესობა ვიყავით.
თქვენმა ხელისუფლებამ გააგრძელა ბოროტი ქმედებები, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა და ერთ ადამიანთან მიაღწია კიდეც.
ეს არ იყო გარდაცვალება, ეს იყო მის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა და ჩემი ძმის სიცოცხლის მოსპობა. მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. თქვენი საკრებულო არ არის ის რეალობა, რაც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობით მივიღეთ” – აცხადებს ნაზი ფუტკარაძე.
”ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბათუმის საკრებულო თუ არ იქნება ოპოზიციური, ის ვერ იქნება ლეგიტიმური.
‘ბათუმის საკრებულო არ იქნება ლეგიტიმური. ვერც ერთ სხდომაზე ვერ იქნება მიღწეული ქვორუმი. ეს არის ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება, რასაც ყველა ვითვალისწინებთ და მივყვებით ამ გზას. ბათუმის საკრებულოს აქვს ”ჩამკეტი” და ეს არის ნუგზარ ფუტკარაძის სახელი და გვარი, რომელიც არც ერთ ადამიანს, არასდროს არ მისცემს უფლებას და შესაძლებლობას უარი თქვას ღირსებაზე. ამჯერად ბათუმელების 60%-ზე მეტმა დაუკვეთა და აირჩია საკრებულოში ოპოზიცია.
სხდომა რამდენჯერაც არ უდნა ჩატარდეს თუ ოპოზიცია არ იქნება უმრავლესობით წარმოდგენილი, სხდომა ჩაიშლება და არ იქნება ლეგიტიმური. ჩვენ ნებისმიერ ბრძოლისთვის მზად ვართ. ეს ფრონტი იქნება ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა იქნება. ოპოზიციამ აჩვენა, რომ ერთიანობით და შეთანხმებით შესაძლებელია ”ქართული ოცნების” დამარცხება” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
”ქართული ოცნების” წევრის, ნატალია ზოიძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებიც გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, კანონის შესაბამისად საკრებულოს მორიგი სხდომა ჩაინიშნება.
”ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი კომენტარი ოპოზიციის მხრიდან, რაიმე კონკრეტული განმარტების გაკეთებაც კი მიჭირს.
დაწყებულია გამოძიება, იქნება დასკვნა და შემდეგ ვიმსჯელებთ. ზოგადად მანამდე საუბარი, ვინმეს ბრალებულობის გამოკვეთა, ნაადრევია. იცით, ჩვენც გვანერვიულებენ და ახლა მე რომ რამე დამემართოს, მათ ხო არ უნდა დაბრალდეთ. მართლა ადამიანურად ვამბობ, ღმერთმა ნათელი მისცეს.
კანონის შესაბამისად ჩაინიშნება კიდევ ერთი შეკრების თარიღი ისევ შევიკრიბებით, იქ შეკრებილები როგორ ვიმოქმედებთ და რა პროცესები წარიმართება ისიც გათვალისწინებულია კანონით”, – განაცხადა ნატალია ზოიძემ.
დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე უნდა აერჩია, ასევე თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები.