თბილისში, აბანოთუბანში ცნობილი გოგირდის აბანოებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ერეკლე მეფის აბანოს რეაბილიტაცია ხორციელდება.
BM.GE-სთან საუბრისას აბანოების მმართველი კომპანია „ჭრელი აბანოს“ აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მამაცაშვილის აცხადებს, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, კომპანიამ ერთ-ერთი ისტორიული აბანოს განახლების პროექტი წამოიწყო, რაზეც 4 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
500 კვ.მ-ზე განთავსებული ერეკლე მეფის გოგირდის აბანო სტუმრების მიღებას სრულიად განახლებულ გარემოში 2022 წლის ბოლოდან შეძლებს და მათ წყლის გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად, თანამედროვე მიდგომებით მომსახურებას შესთავაზებს.
„დღეისთვის ერეკლე მეორის სახელობის გოგირდის აბანოში მშენებლობა-რესტავრაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. ქართული კულტურული მემკვიდრეობა და სიძველე ჩვენ თანხვედრაში თანამედროვე ტექნოლოგიებთან მოგვყავს, რაც ონლაინ ჯავშნებსა და სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვას მოიცავს. პროექტის ფარგლებში აბანოს ინტერიერი შეიცვლება, მოეწყობა ახალი აუზები, მოზაიკა და ტექნოლოგიები, რომელიც სერვისის მიღებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
მიგვაჩნია, რომ 2022 წლიდან განახლებული აბანო დღის განმავლობაში როგორც სპაში, ასევე კაფეში 200-300 კაცის მომსახურებას შეძლებს და 50-მდე ადამიანს დაასაქმებს“, – უთხრა BM.GE-ის ჯაბა მამაცაშვილმა.