პროტესტი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე – ენმ-მ ბიუჯეტის განხილვა დატოვა

546

წინა სტატია

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ”ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ოპოზიციონერები ”ქართულ ოცნებისგან” ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვდნენ. ასევე გააპროტესტეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა.

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს. განაცხადეს, რომ ის ხელისუფლების კეთილდღეობაზე არის მორგებული.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ასევე არ ეთანხმებიან ​თანამდებობის პირებისათვის ხელფასების მატების საკითხს და ითხოვენ მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა.

”მერმა ხელფასი 5000 ლარამდე გაიზარდა. 4500 ლარამდე საკრებულოს თავმჯდომარემ. მათ შორის გაზრდილია ჩვენი ხელფასიც. ხომ შეიძლებოდა ძველი ანაზღაურება დარჩენილიყო და შეეცვალათ მაგალითად სახლის სახურავები, სადაც ყოველი გაწვიმების დროს წყალი ჩადის. ამ ოჯახებში კი მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. ამიტომაც არის ხელვაჩაურის ბიუჯეტი კორუმპირებული, პირად კეთილდღეობაზე მორგებული და აწყობილი. ზუსტად ამიტომ  გააყალბეს არჩევნები, რომ პირადი კომფორტი მოეწყოთ” – განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.

ხელვაჩაურის ბიუჯეტი 14 ხმით დაამტკიცეს. სხდომას დაესწრო პარტია ” საქართველოსთვის” ორი წარმომადგენელი, თუმცა მათ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით, 5 მილიონი ლარით გაიზარდა.