ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, „ნაცმოძრაობის” წევრებმა ხელვაჩაურის მერს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე შეკითხვებით მიმართეს

644

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა დიასამიძეს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე შეკითხვებით მიმართეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვისა და შანტაჟის საქმეზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში სწორედ ზაზა დიასამიძეც ფიგურირებს. მათი თქმით, ზაზა დიასამიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

თავის მხრივ, ზაზა დიასამიძემ ოპოზიციის წევრებს განუცხადა, რომ ისინი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებენ.

“თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს და თითოეულ ადამიანს. საკითხით მანიპულირებას თავი დავანებოთ. რის პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდე მე”,- აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 26 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული.