დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნება” არ აყენებს თავის კანდიდატურას. არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას, – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი გოგოხიამ. თუმცა თქვეს, რომ სხდომაზე რჩებიან. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
თავის მხრივ, “საქართველოსთვის” წარმომადგენელ გიგა ფარულავას განმარტებით, მიიღეს იგივე, რაც ჩხოროწყუს საკრებულოში გუშინ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არიან გადადგან ნაბიჯები კრიზისის დასაძლევად. ამისთვის, კი, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა დაივიწყონ პოლიტიკური ინტერესები და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
“დანარჩენი, საზოგადოება თვითონ გამოიტანს ამ ყველაფრისგან დასკვნას. სამწუხაროა, რომ ვერცერთი პარტია ამ ნაბიჯზე ვერ მოდის. ჩვენ არც “ქართული ოცნების” ინტერესების გაზიარებას ვაპირებთ და არც “ნაციონალური მოძრაობის”, – განმარტა გიგა ფარულავამ.
სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო. მანამდე საკრებულოს დარბაზი “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა, თუმცა ქვორუმი იყო.
წინა სხდომაც ენმ-მ დატოვა. მმართველი გუნდიდან კი ერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა.
პირველ შეკრებაზე კი დარბაზი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს.
საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ ვერც ჩხოროწყუში აირჩიეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია გამართოს სხდომა მანამ, სანამ არ აირჩევს თავმჯდომარეს.
მისი თქმით, კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და კვორუმი არ შედგა, მას უწყდება უფლებამოსილება.