ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი არ ითხოვენ თანამდებობებს, მათ სურთ მუნიციპალიტეტის დაბალანსებულად მართვა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“გუშინ ჩხოროწყუს მაგალითზე, დღეს ზუგდიდის მაგალითზე, ყველამ ვნახეთ, რომ ვერც “ქართული ოცნება” და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გასცდა პოლიტიკურ ეგოს. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა. “ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე სხდომას. შესაბამისად, მათ ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა.
იქიდან გამომდინარე, რომ ორი პარტია ამ შემთხვევაში წარმოადგენს უმრავლესობას, თუ აქვთ ამის რესურსი, შეუძლიათ მორიგდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. ვინაიდან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს. ჩვენ არ ვითხოვთ თანამდებობებს. ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და შემდეგ დაბალანსებულად მუნიციპალტეტის მმართველობას. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა მოცემულობაში და შესაბამისად, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტი”, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მანამდე საკრებულოს სხდომა დატოვეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა არ დააყენა “ქართულმა ოცნებამაც” .
სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო. წინა სხდომაც ენმ-მ დატოვა. მმართველი გუნდიდან კი ერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ ვერც ჩხოროწყუში აირჩიეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია გამართოს სხდომა მანამ, სანამ არ აირჩევს თავმჯდომარეს.
მისი თქმით, კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ქვორუმი არ შედგა, მას უწყდება უფლებამოსილება.