ზუგდიდის საკრებულოს მეორე დეპუტატიც გამოაკლდა – მანდატი “ნაცმოძრაობის” წევრმა გიორგი ფიფიამ დატოვა

416

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ფიფიამ დატოვა საკრებულოს წევრის მანდატი. მან უკვე მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს შესაბამისი განცხადებით, სადაც ითხოვს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ამის შესახებ საკრებულოს წევრებს ინფორმაცია, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ მიაწოდა.

ვინ შეცვლის გიორგი ფიფიას წარმომადგენლობით ორგანოში, ჯერ უცნობია. საკრებულოს წევრმა ენმ-დან, თეიმურაზ ბასილაიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამ საკითხს და სავარაუდოდ, საკრებულოს მომდევნო სხდომისთვის წარადგენენ ადგილმონაცვლეს. მისი განმარტებით, კვოტებით და სხვა გამოთვლებით ხდება ადგილმონაცვლის განსაზღვრა, ამიტომ უმჯობესია ეს თავად საოლქო კომისიამ გაახმოვანოს.

“სავარაუდოდ ვიცი ვინც იქნება, მაგრამ ვერ გავახმაურებ, რამე რომ შემეშალოს. ჯობია თვითონ საოლქომ გადაწყვიტოს და შეგვატყობინებენ. პირველ რიგში საკრებულოს აპარატს მიაწვდიან ინფორმაციას, დღის წესრიგში შეიტანონ, რომ ცნობად მიიღოს, და თუ ჩვენ რამე სხვა გადაწყეტილება მივიღეთ, ეს უკვე შიდაპარტიული საქმეა და იმის მიხედვით ჩავანაცვლებთ, ან დავტოვებთ”, – აღნიშნა თეიმურაზ ბასილაიამ.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ფიფიამ დეპუტატის მანდატი ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მიზეზით დატოვა.

საკრებულო დატოვა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ირაკლი ლაგვილავამაც.