ზუგდიდის მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია მერთან შეხვედრის გარეშე დასრულდა

345

წინა სტატია

ზუგდიდში მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია მერთან მამუკა წოწერიასთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. ენმ-ის წარმომადგენელ, საკრებულოს დეპუტატ თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მართალია დღეს დაიშალნენ, თუმცა, საპროტესტო მუხტი გაგრძელდება მომავალში, სანამ “ქართული ოცნება” არ აღიარებს, რომ არჩევნები გააყალბეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

მისივე სიტყვებით, სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებები პერმამენტულ სახეს მიიღებს.

მანამდე ანა წითლიძემ მამუკა წოწერიასთან მოითხოვა შეხვედრა მედიის და რამდენიმე მოქალაქის თანდასწრებით. სამართალდამცველებმა მას განუმარტეს, რომ მერი მზად იყო ჟურნალისტებთან ერთად შეხვედროდა, თუმცა საბოლოოდ ეს შეხვედრა მაინც ვერ შედგა.

ოპოზიცია ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისის შექმნაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევენ, ამ პირობებში კი მერი, მამუკა წოწერია, კაბინეტში მშვიდად ვერ იჯდება.

3 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს.