ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილეების პროტესტის საპასუხოდ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევმილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია. ამ ეტაპისთვის, ზუგდიდში,დევნილთა საცხოვრებელი, კიდევ ორი ნგრევადი შენობა დაიხურა”, – განუცხადეს “ლაივპრესს” სააგენტოში.
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში კარავია მოწყობილი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი შიმშილობს. ერთ-ერთს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ახალი ბინის მიღების მოთხოვნით მიმართეს. მათი თქმით, უკვე მეთერთმეტე დღეა შიმშილობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არანაირი ყურადღება არ ყოფილა.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ 30 წელია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ცხოვრობენ. თვლიან რომ მათ მიმართ სააგენტომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დევნილები მოთხოვნის შესრულებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავენ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცა. პროცესით უკმაყოფილო დარჩა მოქალაქეთა ნაწილი, რომლებასც ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.
სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა სადაც განსახლების მორიგი ეტაპი უნდა დაიწყოს.
ოფიციალური მონაცემებით, 2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.