მუნიციპალური განვითარების ფონდი: ზუგდიდში 2 სკოლის რეაბილიტაცია 7 მლნ ლარით ფინანსდება

441

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის 1 სკოლა 1350 ბავშვზეა გათვლილი, ხოლო მე-12 სკოლა – 140 ბავშვზე. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. შიდა და გარე ინტერიერთან ერთად მოეწყობა სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.

ასევე დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. ამ სკოლებში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნენ.