“ლაივპრეს” მერიამ ჯერ კიდევ სექტემბერში უთხრა, რომ სოფლების მცხოვრებთა საჭროებების შესახებ იცოდნენ, ამაზე მუშაობდნენ და პრობლემაც უახლოეს პერიოდში მოგვარდებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, ისევ უცნობია როდის განათდება გზის ეს მონაკვეთი.
“სოფლის ცენტრალური ნაწილი სრულად განათებულია, ხოლო კონკრეტულ მონაკვეთზე გარეგანათების მოწყობა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება განხილული”, – განმარტეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ჩვენი კითხვის პასუხად, თუ ჩატარდა რაიმე ტიპის მოკვლევა, რა დაუჯდება ბიუჯეტს ამ გზის განათება და სათუოა თუ არა, ვერც მომავალ წელს განხორციელდეს აქ სამუშაოები, მერიაში ამბობენ, რომ მომავალი წლის გეგმა უნდა გამოვითხოვოთ.
მათივე მტკიცებით, კეთილმოწყობის სამსახური აქტიურად მუშაობს გარეგანათების მიმართულებით და მიმდინარე წელს სოფლებში 700-მდე ახალი გარეგანათების ბოძი დაამატეს, და რომ ქალაქი სრულადაა განათებული და თითქმის ყველა სოფლის ცენტრალური ნაწილი.
სექტემბერში, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, ზუგდიდის მცხოვრებმა, მწერალმა და გამომცემელმა ზვიად კვარაცხელიამ, რომელიც ოჯახთან ერთად ცაიშში ისვენებდა, გვითხრა, რომ ადგილობრივებმა მერიას არაერთხელ მიმართა პრობლემის გადაჭრის თხოვნით, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
მისივე ინფორმაციით, გზი ეს მონაკვეთი, რაც თავი ახსოვს, არასდროს განათებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ოჯახის მიერ ეზოებში დამონტაჟებულ კერძო ლამპიონს.