ზუგდიდში ახალი ბინების გაცემის პროცესს დევნილთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა

781

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქცია გამართეს. სოფელ კახათის ყოფილი კულტურის სახლში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ დაპირების და უმძიმესი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ახალი ბინები ვერც ამ ეტაპზე მიიღეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, სოხუმიდან დევნილი მაია მურუსიძე ამბობს, რომ დასახლებაში ჯამში 18 ოჯახი ცხოვრობს და აქედან ახალი საცხოვრებლით მხოლოდ სამია დაკმაყოფილებული:

“ჩვენთან იმყოფებოდნენ მონიტორიგნის ჯგუფები, შეგვამოწმეს და დაგვპირდნენ, რომ მოგვცემდნენ ბინას. ყველაფერი შემოწმებული და შესწავლილი აქვთ, მაგრამ არანაირი ყურადღება არ არის. შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. არის გაუსაძლისი პირობები. ვერ გავიგეთ ვის აძლევენ ესენი ბინას და ვის არა. მოვიდნენ და აგვიხსნან ეს ყველაფერი და ჩვენც ვეტყვით რასაც ვფიქრობთ. 30 წელია დევნილი ვარ. სოხუმი, რომ დავტოვე მას შემდეგ ამათგან არაფერი არ მახსოვს”, – უთხრა “ლაივრესს” აქციის მონაწილე მაია მურუსიძემ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს. პროცესით უკმაყოფილო მოქალაქეები ზუგდიდის ჭადრაკის სასახლესთანაც იყვნენ შეკრებილი. აქ სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ხვდებიან მოქალაქეებს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

სწორედ ჭადრაკის სასახლეში მისვლა და კომისიის წევრებთან ყველა კითხვის დეტალური განხილვა ურჩია აქციის მონაწილეებს, დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა გელა ნაჭყებიამ. მისი სიტყვებით, ბინების მიმღებთა შერჩევა და გაცემის პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს.

ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალი ფართით დაკმაყოფილებულთა შორის არიან ყოფილი სასტუმრო ოდიშის და ვექტორის დასახლებაში მცხოვრები ოჯახბი.

“ჭადრაკის სასახლეში, თბილისის ქუჩა N1-ში სააგენტოს დირექტორი, მოადგილე, კომისიის წევრები არიან და ყველაფერს უხსნიან, ვის რატომ ეთქვა უარი და ა.შ. ამიტომ მათ შეუძლიან აქ მოვიდნენ და ყველა კითხვაზე გასცემენ პასუხს”, – განუცხადა “ლაივპრესს” გელა ნაჭყებიამ.

სამინისტროს მტკიცებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში, დამატებით, ორი ნგრევადი შენობა იხურება.

ამასთან სამინისტრო ვებ-გვერდზე აქვეყნებს იმ დევნილი ოჯახების სიას, რომლებსაც ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ბინები გადაეცემათ.

წლების განმავლობაში სხვადასხვა შენობებიდან დევნილების განსახლება კონკურსის წესით, ე.წ. ქულათა სისტემით ხდება, რაც ითვალისწინებს ოჯახებისთვის ქულების მინიჭებას საცხოვრებელი პირობების მიხედვით. პრიორიტეტს წარმოადგენენ ნგრევად ობიექტებში მცხოვრებნი, რომელთა გაყვანაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.