ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ საკრებულოს დარბაზში მყოფ მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნული დარბაზით უნდა ისარგებლონ სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმაც.
“მე მოგმართავთ თხოვნით მოშიმშილეებს, დატოვოთ დარბაზი, რომელიც არის საერთო სარგებლობის და მიეცეს მუშაობის საშუალება სხვა ფრაქციებსაც”, – განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
აღნიშნულ მოთხოვნას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის წევრის ანა წითლიძის თქმით, საკრებულოს შენობასთან მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, რომლებიც მოშიმშილე დეპუტატების ძალის გამოყენებით გაყვანას გეგმავენ.
“ფიქრობენ, როგორ გაათრიონ მოშიმშილე დეპუტატები. ჩვენ აქედან არ გავალთ და არალეგიტიმური საკრებულო ვერ დაამტკიცებს 2022 წლის ბიუჯეტს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეულმა დეპუტატებმა, რომლებმაც შიმშილობა 15 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს, ფრაქციის ოთახიდან საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ლეიბები გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ არალეგიტიმურ საკრებულოს ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საშუალებას არ მისცემენ.