ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, იზა ჩირგაძესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას ტყუილი უწოდა.
მდინარაძემ დღეს, თქვა, რომ თუ არჩევნების დღეს იზა ჩირგაძეზე ზეწოლა ხდებოდა, მას ამის შესახებ იმ დღესვე უნდა ეთქვა.
ხატია დეკანოიძის თქმით კი იზა ჩირგაძემ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მაშინვე მიმართა, თუმცა მისგან რეაგირება არ ყოფილა.
“ტყუილს ავრცელებს ბატონი მდინარაძე: იზა ჩირგაძემ არჩევნების პროცესშივე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მისგან რეაგირება არ ყოფილა. ამის შემდეგ, იმავე საღამოს დაუკავშირდა ოპოზიციის წარმომადგენელს.
ამოვიღოთ მისი სატელეფონო გზავნილები კომისიის თავმჯდომარესთან. ჟურნალისტებს მარტივად შეუძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება, როცა იგი საუბრობს”,- წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, “ქართული ოცნების” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა იზა ჩირგაძემ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ შედეგების გაყალბებას სახელისუფლებო პარტია აიძულებდა. ამ საკითხზე კომისიის წევრს იმავე საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრა უნდა ჰქონოდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჩირგაძისა და მისი ოჯახის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლა გახდა.
იზა ჩირგაძეს უკვე მეორე დღეა, ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები უკავშირდებიან და ვერც არასამთავრობო ორგანიზაციები. ქუთაისის 90-ე უბნის რეგისტრატორი სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მმართველი გუნდი დანაშაულებრივ ქმედებებში საჯაროდ ამხილა.