მდინარაძე იზა ჩირგაძეზე: არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ეს თუ ხდებოდა, მე-3 დღეს რატომ გაახსენდა?

373

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქუთაისში 90-ე უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურზე დარღვევებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების კომისიის წევრებს “სოლიდური შეთავაზებები” ჰქონდათ, რათა ეთქვათ, რომ პარტიამ უკანონო დავალება მისცა.

“რატომ იყო არასწორი ინფორმაცია გავრცელებული – ეს დამატებითი ინფორმაციის მოძიების საგანია და თქვენც გირჩევთ, რომ დაინტერესდეთ კარგად – რა იყო საფუძველი, რატომ გაახსენდა მესამე დღეს ან რატომ მოხდა ისე, რომ მესამე დღეს რაღაც ისეთი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი თუ ხდებოდა, ვიღაც ასეთ რამეს ეუბნებოდა ამ ერთეულ შემთხევაში – ესეთი საოცრება ხდებოდა, იმავე დღეს რატომ არ თქვა? რატომ არ მოხდა ამის გახმოვანება, გაპროტესტება? უამრავი კითხვა არსებობს. მე, ვფიქრობ რომ ყველაფერი გამოაშკარავდება.

მასზე გულწრფელად არ მაქვს ინფორმაცია. მე მაქვს ინფორმაცია სხვებზე, რომ იყო შეთავაზებები. ძალიან ერიდებიან ეს ადამიანები, ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ამაზე საუბარს, იმიტომ, რომ ზოგს ბიძაშვილი, ზოგს უახლოესი მეგობარი შუამდგომლობდა. გარკვეული სოლიდური შეთავაზებები არსებობდა, რომ ჩვენი კომისიის წევრებს ეთქვათ, რომ ვინმემ რაღაც უკანოდ დაავალა, თუმცა მადლობა ამ ადამიანებს, სოლიდური შეთავაზებების მიუხედავად, შემთხვევით არ ვამბობ სიტყვა სოლიდურს, ასეთი რამე არ იკადრეს”. – ამბობს მდინარაძე.

2 ნოემბერს სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში 90-ე უბნის რეგისტრატორ ქალს, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების პერიოდში ზეწოლაზე და ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობდა, ვერ უკავშირდებიან. ორგანიზაციის ცნობით, საუბარია კომისიის რეგისტრატორ წევრზე, იზა ჩირგაძეზე, რომელმაც 1 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, ქუთაისში #90 უბანში სხვისი პირადობის მოწმობით მისული ამომრჩევლები აღრიცხა და მათ ბიულეტენები არ გადასცა, რითაც არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობის საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ, იზა ჩირგაძის ინფორმაციით, მას მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდნენ და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იყვნენ  90-ე უბნის ამომრჩევლები, ბიულეტენების გადაცემას სთხოვდნენ.

ISFED-ის ცნობით,  ორგანიზაციის წარმომადგენელი  იზა ჩირგაძეს დაუკავშრდნენ და 2 ნოემბერს “სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით”  შეხვედრაზე შეუთანხმდნენ, თუმცა, იმავე დღეს დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთული იყო და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.