საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს.
მათივე ცნობით, პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6.3 მილიონი ლარია.
„სკოლის მშენებლობის პროცესს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საბირკენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდება, სადაც განთავსდება საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო. პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკვე დასრულებულია 50-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 50-ზე მეტი სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.