ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „აფხაზეთის კუთხე“ გაიხსნა

256

აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „აფხაზეთის კუთხე“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ მოაწერეს.

ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ აფხაზეთის ენდემური მცენარეთა ნერგები დარგეს.

ლევან თევზაიას განცხადებით „აფხაზეთის კუთხის“ გახსნის მიზანი აფხაზეთისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის პოპულარიზაციაა.

„აღნიშნული პროექტი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის „მწვანე დიპლომატიის“ შექმნასაც გულისხმობს, რომელიც მდინარე ენგურის ორივე მხრიდან ახალგაზრდებს გააერთიანებს. ამ პროექტს, ასევე, აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგებისა და დაახლოების პროცესში“,- განაცხადა ლევან თევზაიამ.

მინისტრმა პროგრამის განხორცილების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.