თბილისსა და რეგიონებში მერობის 21 კანდიდატი რეგისტრაციიდან მოიხსნა

949

საარჩევნო ადმინისტრაციებმა თბილისსა და რეგიონებში მერობის 21 კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნეს. ამის მიზეზი, უმეტესად, თავად კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა გახდა, თუმცა, ისეთებიც არიან, ვისაც საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაციის ხარვეზი დაუდგინა.

თბილისში მერობის კანდიდატად რეგისტრირებულმა გოჩა ჯოჯუამ, რომელიც “ახალ ქრისტიან-დემოკრატებს” წარმოადგენს და საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” საარჩევნო ბლოკში იყო, droa.ge-ს ინფორმაციით, კანდიდატურა ირმა ინაშვილის სასარგებლოდ მოხსნა. მან წინასაარჩევნო პერიოდში გამოყოფილი საეთერო დროც სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ჯოჯუა, გარდა “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარეობისა, საქართველოს პარლამენტში სწორედ “პატრიოტების” ფრაქციის აპარატის უფროსია.

არჩევნებში მონაწილეობაზე ჯოჯუას პარტიიდან წარდგენილმა მერობის სხვა კანდიდატებმაც თქვეს უარი. ქუთაისში – გიორგი გოგელაშვილი, საჩხერეში – თამაზ დოღაძე, ჭიათურაში – მალხაზ კაპანაძე, ხოლო ზესტაფონში – კახაბერ კიკნაველიძე მერობისთვის აღარ იბრძოლებენ. როგორც ქუთაისის მერობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგელაშვილმა განაცხადა, კანდიდატურა ფინანსური რესურსის არქონის გამო მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, მერობის კანდიდატთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ამავე პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატებმაც თქვეს. თუ პარტიის თავმჯდომარის, გოჩა ჯოჯუას გადაწყვეტილებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მისმა თანაპარტიელებმაც კანდიდატურები თანაკოალიციელი “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მოხსნეს.

“პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატის სასარგებლოდვე მოხსნა კანდიდატურა ქუთაისის მერობის კანდიდატმა “ტრადიციონალისტებიდან”, აკაკი ლოლომაძემ. “ტრადიციონალისტებიც” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” ერთ საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული.

3 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები აღარ ჰყავს თავად “პატრიოტთა ალიანსსაც”: ლაგოდეხში – ლაშა მახათაძე, ზესტაფონში – გიგა გაბრიჭიძე, ხოლო ოზურგეთში – შოთა გოგიბერიძე. აღსანიშნავია, რომ შოთა გოგიბერიძემ, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ოცნების” მაშინდელ კანდიდატთან და შემდგომ ოზურგეთის მერთან მეორე ტურში საკმაოდ მაღალი შედეგით გავიდა, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვიტა, კანდიდატურა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ოზურგეთის ყოფილი გამგებლის, კოტე შარაშენიძის სასარგებლოდ მოეხსნა. სწორედ შარაშენიძე მოიაზრება ამ არჩევნებში სახელისუფლო კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის მთავარ კონკურენტედ.

საარჩევნო მარათონს მერობის ყველაზე მეტი კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან – “გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” გამოეთიშა. მარნეულში – ფუად კახრამანოვი, ახალციხეში – არზუმან ზოოროღლიანი, ადიგენში – არკადი საჰაკიანი, ხოლო ასპინძაში – გალუსტ მკრტჩიანი მერობისთვის აღარ იბრძოლებენ. მათ ნაწილს საოლქო საარჩევნო კომისიამ დოკუმენტაცია დაუხარვეზა, ნაწილმა კი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ცაგერსა და ზუგდიდში მერობის კანდიდატების გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო”. ცაგერში ბეჟან ღურჭუმალიძე, ხოლო ზუგდიდში ზურაბ ჯინჯოლავა მერობისთვის აღარ იბრძოლებენ.

თეთრიწყაროში მერობის კანდიდატის გარეშე დარჩა საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოც”, რომელსაც ამ მუნიციპალიტეტში რამაზ შავშიშვილი ჰყავდა წარდგენილი.

პარტიების გარდა, კანდიდატურები მოხსნეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც, თუმცა, მათი ნაწილი არჩევნებს არ გამოთიშვია, რადგან მათ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში გადაინაცვლეს. დმანისში მოქმედმა გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ, რომელიც თავდაპირველად დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, გადაწყვიტა, ბრძოლა “შენების მოძრაობის” სახელით გაეგრძელებინა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გორში ბადრი ნანეტაშვილმაც და ის ახლა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ნაცვლად, “შენების მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერია გორში.

თავდაპირველად დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, ასევე, ადიგენის გამგებლის მოქმედი მოადგილე მინდია ჯელიაც, თუმცა, მოგვიანებით, ის “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი გახდა.

არჩევნებში მონაწილეობას გამოეთიშა, ასევე, ნინოწმინდაში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ანდრანიკ კარსლიანიც. რატომ მიიღო მან კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

“საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატების მოხსნის ვადა ამოეწურათ, ისევე, როგორც ამოიწურა საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილი ხარვეზიანი დოკუმენტების შესწორების ვადაც. შესაბამისად, არჩევნებამდე ამ მხრივ ცვლილებებს აღარ უნდა ველოდეთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

რომელი საარჩევნო სუბიექტები და კანდიდატები გაივლიან საარჩევნო მარათონს ბოლომდე, ვინ არიან და რას გვპირდებიან ისინი, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულებზე:

საარჩევნო სუბიექტები/მერობის კანდიდატები

მაჟორიტარი კანდიდატები

პარტიული სიები

თბილისის მერობის კანდიდატები

საარჩევნო პროგრამები