“ახალი ქრისტიან-დემოკრატებისა” და “ტრადიციონალისტების” ქუთაისის მერობის კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.
“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა და თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, თქვა, რომ პარტიამ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებიც მოხსნა.
გოგელაშვილი ამის მიზეზად ფინანსური რესურსის არარსებობას ასახელებს. “არანაირი რესურსის არსებობის პირობებში (არა ოფისი, არა საარჩევნო ბუკლეტი და პლაკატი და არა გადაადგილების საშუალება, სხვა რესურსზე აღარ ვსაუბრობ), გუნდის თითოეულმა წევრმა პიროვნულად გასწია უზარმაზარი მუშაობა, რათა ამომრჩევლამდე მიეტანა ის გეგმები, რის გაკეთებასაც ვაპირებდით,”- წერს გოგიტა გოგელაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების დაქსაქსვა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რის გამოც ის ოპოზიციას ძალთა კონსოლიდირებისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” ქუთაისის მერობის კანდიდატს, აკაკი ლოლომაძეს, მან კანდიდატურა “პატრიოტთა ალიანსისის” მერობის კანდიდატის, გია ბახტაძის სასარგებლოდ მოხსნა. ლოლომაძე ამბობს, რომ ბახტაძეზე უკეთესი კანდიდატი ქუთაისს არ ჰყავს.
“ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, ხმა მისცენ გია ბახტაძეს, რადგან ის არის ღირსეული კანდიდატი”, – ამბობს აკაკი ლოლომაძე.
ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და პარტიის წევრად რჩება. აკაკი ლოლომაძის თქმით, პარტია “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი მისი დაარსების დღიდან, 1991 წლიდანაა.
მას შემდეგ, რაც გოგიტა გოგელაშვილმა და აკაკი ლოლომაძემ კანდიდატურები მოხსნეს ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას 8 კანდიდატი გააგრძელებს.
წყარო: kutaisipost.ge
ფოტო: kutaisipost.ge