„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძის გარდა, მოადგილეობის კიდევ სამი კანდიდატი – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.
ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრებს წარადგენს.
ნიკა მელიას თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს დიდი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში, რომლებიც ქვეყნის მომავალია.
„ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მოამავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ.
ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზეა.
„ეს ადამიანი დამატებით ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ. მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ თუ ჩვენ დავმარცხდით, საკადრო წმენდა იქნებაო. არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას. არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა გირჩი ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ. მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილის კანდიდატად მელიამ ასევე წარადგინა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.