ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელს საყვედური გამოუცხადეს, რომელსაც გაასაჩივრებს

405
დადიანების სასახლე

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსკურსიამძღოლ ელზა ზოდელავას, მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საყვედური გამოუცხადა. ანზორ ოყუჯავას ხელმოწერილი ფურცელი მან 16 ოქტომბერს მიიღო.

ელზა ზოდელავა “ლაივპრესთან” საუბარში ამბობს, რომ ამ დოკუმენტს სასამართლოში გაასაჩივრებს. მანამდე კი, მუზეუმის ადმინისტრაციისგან გამოითხოვს ანზორ ოყუჯავას და თანამშრომლების 15 სექტემბრის შეხვედრის ოქმს, სადაც ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ასევე, ყველა საჭირო დოკუმენტს.

“უნდა მოხდეს სრული ჩანაწერის მოსმენა, და არა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მათ როგორც აწყობთ. იქ გამოჩნდება მტყუან-მართალი. მე ამ შეკრებაზე ჩემი აზრი გამოვთქვი მხოლოდ. ერთი სული აქვთ გიორგი კალანდიას და ანზორ ოყუჯავას, მე რომ გამათავისუფლონ. ვერ აიტანეს, სამსახურში ჩემი დაბრუნების შემდეგ ხელფასებზე რომ ვიბრძოლეთ და გაგვიორმაგდა. მე რომ არა და ჩემი მაშინდელი შეხვედრა ყოფილ პრემიერ გახარიასთან და პარლამენტარებთან, მაშინდელ გუბერნატორსაც არაფერთხელ შევხვდით, ხელფასების მომატება არ იქნებოდა “, – აღნიშნა ელზა ზოდელავამ.

ექსკურსიამძღოლის თქმით, მუზეუმის ახალი ხელმძღვანელის პირობებში, ეს მისთვის პირველი საყვედურია. ამბობს, რომ ანზორ ქობალიამ ის დაიბარა, თუმცა არ შეხვდა და შემდეგ მან თვითონ მოუტანა საყვედურის ფურცელი.

ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას და ზუგდიდის მუზეუმის მმართველ ანზორ ოყუჯავას. ამბობს, რომ მათ მისი გათავისუფლება სურთ. 15 ოქტომბერს, მუზეუმის თანამშრომელმა მედიას განუცხადა, რომ ერთ-ერთ მის კოლეგას და მუზეუმის მმართველს შორის იყო გარკვეული უთანხმოება, მან კი საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ამ ყველაფერმა ანზორ ოყუჯავა გააღიზიანა.

ბრალდებებს ანზორ ოყუჯავა უარყოფს. მან 15 ოქტომბერს “ლაივპრესს” უთხრა, რომ შიდა ამბები ელზა ზოდელავას არ უნდა გაესაჯაროვებინა, და რომ რაც გააკეთა, ამაზე გარკვეული რეაგირება მისი მხრიდან იქნებოდა. მუზეუმის დირექტორის განცხადებით, თანამშრომელს ბარლდებების გასამყარებლად არავითარი მტკიცებულებები არ აქვს, ამ ეტაპზე კი არ აპირებს საუბარს, არღვევდა თუ შინაგანაწესს და ქცევის კოდექსის ნორმებს ელზა ზოდელავა.

სამაგიეროდ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ თქვა, რომ ეს ადამიანი გამოირჩეოდა ბულინგით, შეურაცხყოფებით სხვა თანამშრომელთა თუ დირექციის მიმართ, რისი მტკიცებულებაც, ელზა ზოდელავასგან განსხვავებით აქვთ.

ელზა ზოდელავა მუზეუმის წინა მმართველის, ლილი ბერაიას დირექტორად მუშაობის დროს გათავისუფლდა სამსახურიდან. ეს გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა და ძველ პოზიციაზე სწორედ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაბრუნდა.