ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განმარტებით, სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაციისთვiს მუნიციპალიტეტებმა სამინისტროს უნდა მიმართონ, რაც შეეხება მედიკოსების ხელფასების მატებას, ეს საკითხი უკვე განიხილეს და მონაცემები ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნეს. აღნიშნულ საკითხზე მინისტრის მოადგილემ ანტონ ობოლაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიების მძიმე მდგომარეობასა და მედიკოსების დაბალ ხელფასზე 13 ოქტომბერს გააკეთა განცხადება.
„გვინდოდა სახელფასო ბადის 25%–იანი მატება. კარგად იცით, რომ ძირითადად, სოფლის ექიმები წარმოადგენენ სასწრაფოს და სხვადასხვა საავადმყოფოებს. მათ ორმაგი და სამმაგი სამუშაოს შესრულება უწევთ. ეს კი მოსახლეობაში უსიამოვნო გამოხმაურებას იწვევს, რადგან ამბულატორიაში მუდმივად არ ხვდებათ ექიმი. აქედან გამომდინარე, ექიმებთან გვქონდა კომუნიკაცია და ვკითხეთ რა თანხა იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მუდმივად ერთ ადგილზე იყვნენ და ემსახურონ სოფლის მოსახლეობას. ჩვენ ეს ციფრობრივი მონაცემები მივაწოდეთ ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტს“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
რაც შეეხება ამბულატორიების შენობების კეთილმოწყობას, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა ჩართული და ერთობლივი თანამშრომლობით, დღეის მონაცემებით, 500–მდე შენობაა გარემონტებული და აღჭურვილი. იმისათვის, რომ ამბულატორიების განახლება მოხდეს, საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტებმა გამოიჩინონ ინიციატივა და ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდონ.
„პროცესი შემდეგნაირად დგება (იწყება): მუნიციპალიტეტი აყენებს მოთხოვნას რეგიონული განვითარების სამინისტროში, შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი ერთვება და რემონტდება ან შენდება ახალი ამბულატორია. შემდეგ ჩვენ შევდივართ აღჭურვის პროგრამით და შეგვყავს სოფლის ექიმი. ამბულატორიების მშენებლობის და რემონტის ნაწილი ბიუჯეტში რაც მე სამინისტროში ვმუშაობ, არ გვქონია. ეს ყოველთვის იყო მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდში. ჩვენ გვაქვს აღჭურვის პროგრამა. მიმდინარე პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს აშენებული და გარემონტებული აქვს 500–მდე ამბულატორია, საიდანაც 100–ში უკვე დასრულებული გვაქვს ტელემედიცინის მთლიანი აღჭურვილობის შეტანა. უკვე შეძენილი გვაქვს და დაახლოებით წლის ბოლომდე მოხდება 300 ამბულატორიის აღჭურვა. ამ პროცესს ნელ–ნელა მივყვებით“, – განაცხადა მან.