ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის პროცედურა არ დარღვეულა. ამაზე მან გადაცემა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.
საქმე ეხება საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლას, რის შემდეგაც ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
“სხდომა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, პროცედურები არ დარღვეულა. როდესაც შეიცვალა შედეგი გამარჯვებული კანდიდატის, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდა პროტესტი და აპელირება, რომ თითქოს დალუქული პაკეტები რეალურად არ იყო დალუქული. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ხელთ გვაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ მე ვიქნები პირველი ის ადამიანი, რომელიც ინიცირებას მოახდენს, ზუგდიდის იქნება, თუ სხვა საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევა, თავმჯდომარე იქნება თუ კომისიის ნებისმიერი წევრი, სადაც იარსებებს დადასტურებული ფაქტი ასეთ დარღვევაზე”, – თქვა მან.
წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ინფორმაცია, კალანდარიშვილი პასუხობს, რომ “მოიკითხეს”.
“მოვიკითხეთ. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესშია, რომ პროცესი სწორად გაიმართოს, კანონის შესაბამისად და თუ სადმე გადაცდომის შემთხვევებს ექნება ადგილი, პირველი ჩვენ აღმოვფხვრათ ეს შემთხვევები. საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებით, მე პირადად მყისიერად დავავალე, რომ დაგვედგინა და ჩვენ სულ სხვა გარემოება ვიცით”- ამბობს კალანდარიშვილი.
8 ოქტომბერს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა.
მანამდე, ენმ-ს საკრეებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი – 22.
ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.