იოსელიანი: თვითმმართველობის არჩევნებია და დიახ, სახურავებსა და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი

272

ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებია და დიახ, სახურავებსა და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის შეფასებით, სააკაშვილმა საკუთარ საწადელს მიაღწია და დღის წესრიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მის სასარგებლოდ გადაიტანა.

„დღეს და ხვალ იმის გარკვევა იქნება, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში, რაც ჩემთვის სამწუხაროა, რადგან რეალურად ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო… თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს, საზღვარი ფაქტობრივად არ გვაქვს და შეიძლება შეხვიდე-გამოხვიდე… თუმცა არც საპირისპირო გამიკვირდება, რომ ეს იყოს ტყუილი. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბევრი დაპირება გამიგია, რომელიც შემდეგ არ შესრულებულა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომელმაც შექმნა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.

აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმის დასტურად რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, უახლოეს საათებში დამატებითი ვიდეოები გავრცელდება. ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე  კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ხვალ, 2 ოქტომბერს, 08:05 წუთზე გამოაჩენენ.

იმედინიუსის ინფორმაციით კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.