ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ხვალ, 2 ოქტომბერს 08:05 წუთზე გამოაჩენენ.
“მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ 08:05 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ის არის საქართველოში, ამ წუთებში ბათუმშია. მან საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა”, — ამბობს დუმბაძე TV პირველთან.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომელმაც შექმნა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმის დასტურად რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, უახლოეს საათებში დამატებითი ვიდეოები გავრცელდება.