საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას სენატორი რონ ჯონსონი ეხმაურება. ინტერვიუ “ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
კითხვის საპასუხოდ, სენატორი აცხადებს, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოში სიტუაციის გამძაფრებას და დესტაბილიზაციას.
“შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას.
ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას.
დააყენეთ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები ინდივიდუალურ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და პარტიულ მისწრაფებებზე მაღლა. პირველ რიგში თქვენს ერზე უნდა იფიქროთ. ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს. ასე რომ, მოველით სიმშვიდეს, სტაბილურობას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – აცხადებს ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი რომელმაც შექმნა ვარაუდი რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეოც, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.
თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
აღსანიშნია ისიც, რომ 27 სექტემბერს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა კიევი-თბილისის თვითმფრინავის ბილეთი, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოფრენილიყო.
ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, იმის დასტურად რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია, უახლოეს საათებში დამატებითი ვიდეოები გავრცელდება. ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე კი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად ხვალ, 2 ოქტომბერს, 08:05 წუთზე გამოაჩენენ.