თბილისის და ლანჩხუთის სკოლები მზის პანელებით აღიჭურვება

307

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ინიციატივითა და თანადაფინანსებით, თბილისის და ლანჩხუთის ხუთი საჯარო სკოლა მზის პანელებით აღიჭურვება. ინფორმაციას „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სკოლებში დამონტაჟდება ინდივიდუალური მიკროელექტროსადგურები, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 200 კვტ-ს შეადგენს.

პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინინსტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.

„მზის ეს მიკროელექტროსადგურები სისტემაში ნეტო-აღრიცხვის სქემითაა ჩართული, რაც საშუალებას იძლევა, სკოლებმა გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად გამოიყენონ, სიჭარბის შემთხვევაში კი, ჭარბად გაცემულ ყოველ კვტ.სთ-ზე საანგარიშო წლის ბოლოს შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ. ამით შესაძლებელი ხდება, სკოლებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ და დანაზოგი თანხები სხვა პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად მიმართონ. გარდა ამისა, პროექტი ახალ თაობაში განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურება“, – აღნიშნავს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

„ამჟამად თბილისსა და ლანჩხუთში წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, სამონტაჟო სამუშაოები კი, 2021 წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს.

ეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისთვის“ რიგით მეორე მსგავსი პროექტი იქნება. ასევე, ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლის მაისში დასრულდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მზის პანელებით აღიჭურვა ბათუმის საჯარო სკოლების ნახევარი, კერძოდ 13 საჯარო სკოლა. პანელების ჯამური დადგმული სიმძლავრე – 333 კვტ, ხოლო საპროგნოზო წლიური გამომუშავება 366 000 კვტ.სთ-ია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.