რამდენი ლარით დაფინანსდნენ გურიის რეგიონში ბიბლიოთეკები 2018- 2022 წლებში 

433

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ანანო გოშაძე

რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია გურიის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 19 ბიბლიოთეკა: ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ასკანის, ბახვის, შემოქმედის, დვაბზუს, ვაკიჯვრის, მთისპირის, ძიმითის, სილაურის, ლიხაურის, გურიანთის, მერიის, თხინვალის, ნატანების, შრომის, ურეკის, ნარუჯის, ლაითურისა და ნაღობილევის სასოფლო ბიბლიოთეკები.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია ოზურგეთის ორი სოფლის – შემოქმედისა და თხინვალის ბიბლიოთეკებს ჩაუტარდა, თუმცა, როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, შენობები, რომლებშიც ბიბლიოთეკებია განთავსებული, მერიის საკუთრებაში არ არის და შესაბამისად, რეაბილიტაციისთვის გახარჯული თანხები მისთვის უცნობია.

2019-2021 წლებში რეაბილიტაცია ცენტრალურ ბიბლიოთეკასაც ჩაუტარდა. 2019 წელს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 4 600 ლარს შეადგენდა, 2020 წელს – 4 378-ს, ხოლო, 2021 წელს – 4 500 ლარს.

მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსებამ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჯამში, 919 900 ლარი შეადგინა. კერძოდ, 2018 წელს – 139 900 ლარი, 2019 წელს – 180 000, 2020-2022 წლებში კი, ყოველწლიურად 200 000-200 000 ლარით დაფინანსდა.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხებს, 2018-2022 წლებში მუნიციპალიტეტის მერიამ  ბიბლიოთეკებს 23 138 ლარი გამოუყო. კერძოდ, 2018 წელს – 4 350 ლარი, 2019 წელს – 4 000, 2020 წელს – 4 988, 2021 წელს – 4 900, 2022 წელს კი – 4 900 ლარი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 19 მოქმედი ბიბლიოთეკაა: მთავარი ბიბლიოთეკა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ხიდისთავის ბიბლიოთეკა, ბუკისციხის, იანეულის, ზომლეთის, შუა ამაღლების, ამაღლების, ქვენობნის, დაბლაციხის, ხევის, ზემო სურების, ერკეთის, ქვემო ერკეთის, ჯვარცხმის, საჭამიასერის, საყვავისტყის, გუთურის, ვანისა და კოხნარის ბიბლიოთეკები.

ინფორმაციის თანახმად, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არცერთ ბიბლიოთეკას არ ჩატარებია. არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას ბიბლიოთეკებისთვის ცალკე დაფინანსება არ გამოუყვია, რადგან როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიბლიოთეკები ა(ა)იპ “არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის” შემადგენლობაში შედის.

რაც შეეხება წიგნების შესაძენად გამოყოფილ თანხას, ჩოხატაურის მერიას მხოლოდ ერთხელ – 2022 წელს 2 500 ლარი აქვს გამოყოფილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 18 ბიბლიოთეკაა: ქალაქ ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ჩოლობარგის, ჭყონაგორის, ქვიანის, ბაღლეფის, სუფსის, აცანის, მამათის, ჭანჭათის, აკეთის, მაჩხვარეთის, ჩიბათის, ღრმაღელის, ნიგვზიანის, ლესის, ეწერის, ნინოშვილისა და ჩოჩხათის ბიბლიოთეკები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ბიბლიოთეკების მსგავსად, 2018-2022 წლებში რეაბილიტაცია არც ლანჩხუთის ბიბლიოთეკებს ჩატარებია. არ აშენებულა არც ახალი ბიბლიოთეკა.

2018-2022 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიბლიოთეკები ბიუჯეტიდან 458 698 ლარით დააფინანსა. კერძოდ, 2018 წელს – 106 238 ლარით, 2019 წელს – 103 357 ლარით, 2020 წელს – 99 667 ლარით, 2021 წელს – 98 187 ლარით და 2022 წელს – 51 249 ლარით.

რაც შეეხება წიგნადი ფონდის განახლების საკითხს, როგორც ირკვევა, ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად მერიას 2018, 2020 და 2021 წლებში თანხა არ გამოუყვია. თანხები მხოლოდ 2019 და 2021 წლებშია გამოყოფილი. ამისთვის 2019 წელს 3966 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2021 წელს – მხოლოდ 300 ლარი.