“ევროპულმა საქართველო” სარეკლამო კომპანია “ალმას” ოფიციალური წერილით მიმართა – პარტია “ცხოველების ფერმის” პლაკატების ბილბორდებზე განთავსებას ითხოვს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
კომპანიის ოფისში მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები ბესო დონაძე და გიორგი ნონიაშვილი მივიდნენ, თუმცა კომპანიის პასუხი უცნობია. დირექტორის ჯერჯერობით ადგილზე არ იმყუოფება.
ცნობისთვის, “ალმამ” ბილბორდები სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებს დაუთმო, რომლებზეც პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები არიან გამოსახულები. “სისხლიანი ბანერები” თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. შემდეგ ასევე გამოჩნდა რეგიონებში – ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.
როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს – აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, “სუფთა ტექნიკური მხარეა”.
კომპანია “ალმამ” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და მოუწოდეს კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.
სიძულვილის ბანერები ქალაქში ისევ გამოკრულია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიმართა, თუმცა, ცესკო-მ დარღვევა ვერ დაინახა.