კომპანია “ალმა” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა – ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი, მათ შორის არის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია.
droa.ge “ალმას” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით ვაცხადებთ შემდეგს:
კომპანია “ალმა” ორ ათეულ წელზე მეტია დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ და ეს იცის ყველა ჩვენმა დამკვეთმა, რომ “ალმას” არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. “ალმა” ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ “ალმამ” დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
ამას გარდა ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი”, – ნათქვამია “ალმას” განცხადებაში.
აღნიშნული ბანერების გაკვრა 16 სექტემბერს მოხდა, 17 სექტემბერს კი NCDC-იმ ბილბორდებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება აღნიშნავდა, რომ თუკი სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერი ჩანაცვლდა სხვა ნებისმიერი შინაარსის ბანერით, მაშინ, აღნიშნულ ფაქტს NCDC გმობს.