საარჩევნო პერიოდში ზოგადი პოლიტიკური გარემო პოლარიზებული რიტორიკით და კონკურენტული ნარატივით ხასიათდებოდა, საკითხებზე ორიენტირებულ დისკუსიებს კი მცირე დრო ეთმობოდა, – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიებში ეროვნული საკითხები და საქართველოს პოლიტიკაზე არჩევნების შედეგების შესაძლო ზეგავლენის თემა დომინირებდა.
ანგარიშის მიხედვით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაჟონილმა ფაილებმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამღვდელოების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა, უცხოელი დიპლომატებისა და სხვა არაერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენებზე მიუთითებს, სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის მიმართ საჯარო უნდობლობაზე კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინა.
„ამ დისკუსიამ გადაფარა ის ადგილობრივი საჭიროებები, რომელიც მერების და საკრებულოების მანდატით არის გათვალისწინებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლების მობილიზებას ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმად წარმოჩენით შეეცადნენ და საარჩევნო კამპანიის დროს 19 აპრილის შეთანხმების 43 პროცენტიან ბარიერზე ამახვილებდნენ ყურადღებას. მათი მთავარი გზავნილები მოიცავდა მოწოდებას ,,შევცვალოთ კორუმპირებული რეჟიმი”. „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესის ხელის შეშლითა და სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისში შეყვანით იყო დაკავებული. მათი ძირითადი საარჩევნო გზავნილები ხელისუფლების მიღწევებზე და სამომავლო ინვესტიციებსა თუ სოციალური დახმარების პროგრამებზე იყო ორიენტირებული, სადაც, ხშირ შემთხვევაში, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი ხდებოდა.
დიდმა უთანასწორობამ რესურსების ხელმისაწვდომობაში, მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, არათანაბარი კონკურენციის გარემო შექმნა. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაჟონილმა ფაილებმა, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამღვდელოების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა, უცხოელი დიპლომატებისა და სხვა არაერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენებზე მიუთითებს, სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის მიმართ საჯარო უნდობლობაზე კიდევ უფრო მეტი გავლენა მოახდინა. სამართლიანი არჩევნების კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების 40 პროცენტზე მეტს საარჩევნო ხმის ფარულობის არ სჯერა.
რიგი ოპოზიციური პარტიები ამტკიცებდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა ზეწოლის გამო თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ცესკოს გადაწყვეტილება, შეემცირებინა პარტიული სიების რეგისტრაციიდან მოხსნის წინაპირობები, რათა ცალკეული კანდიდატების მიერ საკუთარი კანდიდატურების გამოწვევის გამო ოლქში დარეგისტრირებული პროპორციული სიების რეგისტრაციიდან მოხსნა აეცილებინა თავიდან.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, 14 პროპორციული სიისა და 600-ზე მეტის პროპორციული სიის კანდიდატის რეგისტრაცია, დამატებით კი 100-ზე მეტი მაჟორიტარობის და სამი მერობის კანდიდატის რეგისტრაცია გაუქმდა. 2 ოქტომბრის არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიის გარემო ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა რამდენიმე ცალკეული ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა.
მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები ხმების სავარაუდო ფართო მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თაობაზე საუბრობდნენ და კანდიდატებზე, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში განსაკუთრებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებდნენ. ეს შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან საფრთხე ექმნება საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო პროცესებში თავისუფლად, სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მონაწილეობას. ეს ეხება, როგორც არჩევით თანამდებობაზე მოხვედრას, ისე მოქალაქეების მიერ თავიანთი წარმომადგენლების არჩევის საკითხს. ამასთან, აგვისტოში მთავრობამ განაცხადა საჯარო მოხელეებისა და მერებისთვის ხელფასების გაზრდის, ინფრასტრუქტურული და სოციალური მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი პროგრამების შესახებ (მაგალითად, დევნილთა ან სამხედრო პირების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება). მიუხედავად ამ დაპირების კანონიერებისა, მთავრობამ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ზღვრის გავლება ვერ შეძლო, რამაც, საბოლოოდ, არაჯეროვან ზეგავლენებსა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე შექმნა წარმოდგენები.
„ქართული ოცნების“ მიერ დარღვევების შესახებ გაკეთებული განცხადებები უპირველესად, კამპანიის მასალის – ძირითადად, პლაკატებისა და ბილბორდების – ხელყოფასა და დაზიანებას ეხებოდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებები ხშირად გამოირჩეოდა ეროვნული დონის ოფიციალური პირების მონაწილეობით (პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და პარლამენტის წევრების ჩათვლით), რომლებიც „ქართული ოცნები“ს ამ ღონისძიებებს სხვადასხვა სამთავრობო პროექტების გამოსაცხადებლად იყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს პროექტები არჩევნებამდე იყო დაგეგმილი.
პარტიების უმეტესობამ, გარდა „ქართული ოცნებისა“ აღნიშნა, რომ მათ ტრადიციულ მედიაში სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არასაკმარისი ფინანსური სახსრები ჰქონდათ და უფასო საეთერო დროს ან სოციალურ მედიას იყენებდნენ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და პირველ ოქტომბერს მისი დაპატიმრების თემები ორივე ტურის პოლიტიკურ დისკუსიებში დომინირებდა. აღნიშნულმა მოვლენებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზებას შეუწყო ხელი და ფართოდ გავრცელებული აღქმების მიხედვით, გავლენა მოახდინა არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე და არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, არჩევნებში მრავალი პარტიის მონაწილეობის მიუხედავად, მოქალაქეებში გაძლიერდა აღქმა იმის შესახებ, რომ მათ არჩევანი ორ პარტიას შორის უნდა გაეკეთებინათ,”- ნათქვამია ანგარიშში.