NDI: საქართველოში ხშირია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა – ამ პრაქტიკამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ახალ მოთამაშეებს

546

შემდეგი სტატია

არსებული ტენდენციით, საქართველოში ხშირია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. ამ პრაქტიკის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამართლებრივ სტაბილურობაზე და შეიძლება ზიანი მიაყენოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ მოთამაშეებს, რომლებსაც ცვალებად წესებთან ადაპტაციისთვის ნაკლები რესურსები აქვთ, – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ისტიტუტის“ (NDI) მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ზოგადად, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საფუძველს იძლევა, თუმცა რჩება გარკვეული გამოწვევები.

„64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო კოდექსით რეგულირდება, რომელშიც 2021 წლის ივნისში 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ რიგი ცვლილებები შევიდა. ცვლილებები შეეხო საარჩევნო სისტემას, კერძოდ, პროპორციული სიით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა 970-დან 1404-მდე გაიზარდა, ხოლო მაჟორიტარული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 1088-დან 664-მდე შემცირდა.

მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის ბარიერი 40 პროცენტს შეადგენდა, პროპორციული სიების ბარიერი კი ქვეყნის მასშტაბით ოთხიდან სამ პროცენტამდე, ხოლო თბილისში 2,5%-მდე შემცირდა. ცვლილებებმა საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის ახალი წესებიც განსაზღვრა, ასევე ხელი შეუწყო დავის გადაწყვეტის მექანიზმებისადმი ეფექტურ წვდომას, აკრძალა ამომრჩევლებისთვის თვალყურის დევნება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და შემოიღო სავალდებულო წესით საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადათვლა. ცვლილებები ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად იქნა მიღებული და ზოგადად დადებითად შეფასდა. თუმცა, ჩართული მხარეები საუბრობდნენ პოლიტიკური ნების მნიშვნელობაზეც კანონის სამართლიანი და მიუკერძოებელი აღსრულების უზრუნველსაყოფად, ასევე ამ პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების მიმართ ნდობის ნაკლებობაზე.

ზოგიერთმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებებმა მნიშვნელოვანი საკითხები მოუგვარებელი დატოვა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება საჩივრების წარდგენის არსებულ შეზღუდვებსა და კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის არასაკმარის რეგულაციებს. გარდა ამისა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სამაჟორიტარო ოლქების ახალმა საზღვრებმა ამომრჩევლების ხმების წონაში დიდი განსხვავება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ არსებული ტენდენციით საქართველოში ხშირია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. ამ პრაქტიკის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამართლებრივ სტაბილურობაზე და შეიძლება ზიანი მიაყენოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილ ახალ მოთამაშეებს, რომლებსაც ცვალებად წესებთან ადაპტაციისთვის ნაკლები რესურსები აქვთ,”- ნათქვამია ანგარიშში.