დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომპანია „ალმას“ ბანერებთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს და მოუწოდეს კომპანიას, უზრუნველყონ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.
გამყრელიძის განცხადებით, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას, როდესაც „კოვიდ-19“-ით ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება.
„როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება ამ ვერაგი დაავადებით, ასევე ამავდროულად, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.
ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.
ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.
მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება.
ამ შინაარსის წერილი დღეს ოფიციალურად გაეგზავნა კომპანია „ალმას“. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას, თითოეულ ადამიანს აქვს ჩვენ ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით”.
სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.
“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.
წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.
ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს – აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, “სუფთა ტექნიკური მხარეა”.
კომპანია “ალმამ” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.