ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, ე.წ. „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა დასრულდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბანერების დამკვეთი პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
როგორც იოსელიანი განმარტავს, აღნიშნული არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.
„18-21 სექტემბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოვიდა სამი საჩივარი ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც თბილისსა და რამდენიმე რეგიონში განთავსდა და საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უნდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა, ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება-განთავსება, სწორედ ამ კერძო პირის პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება-განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით.
ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს, არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ არის რეგისტრირებული. ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამარლებრივი საფუძვლები არ არსებობს“,-აღნიშნავს იოსელიანი.