ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
კალაძის თქმით, დარწმუნებულია, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში.
„მოგესალმებით ყველას, მივესალმები ოპონენტებს, დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩემს თბილისელებს. მართლაც უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ წარმოგვიდგენია თბილისი ოთხი წლის შემდეგ. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ასევე დეტალურად დავიწყეთ კონკრეტული მიმართულებების გაშლა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგება ექვსი ძირითადი პოლიტიკისგან. ეს არის ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო, გარემოს დაცვის პოლიტიკა. ეს არის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი. რამდენიმე დღეში მართვის და ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ ხედვებს გავაჟღერებთ. მე დარწმუნებული ვარ, თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და მეტი სიცოცხლე შევა ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.