მივიწყებული გემი განმუხურში – წიგნიერების კერა, რომელიც უკანონო ბორდერიზაციას განათლებით შეებრძოლება

1802

ავტორი: ანი გუგეშაშვილი

გემი, რომელიც წლების წინ ზღვაში ჩაიძირა, შემდეგ ფოთის სანაპიროზე გამოირიყა და აგერ უკვე 9 წელია, განმუხურის ტერიტორიაზე დგას, ახლა განათლებისა და წიგნიერების კერად უნდა იქცეს. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან კი გზავნილი უნდა მიიტანოს, გზავნილი იმის შესახებ, რომ წიგნიერების საშუალებით ერთ დღეს სწორედ ასეთი გემებით დავბრუნდებით მათთან.

ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბესიკ არახამია, გვიამბობს, როგორ გაჩნდა ძველ გემზე ბიბლიოთეკის შექმნის იდეა.

“მივიწყებული გემი, რომელზეც ერთ წელიწადში ბიბლიოთეკა უნდა მოეწყოს, დაახლოებით, 9 წელია, განმუხურის სანაპიროზე დგას. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ეს ზუსტად ის სივრცე იყო, სადაც ბიბლიოთეკა უნდა გაგვეკეთებინა, იდეას კი მალევე გამოუჩნდნენ მხარდამჭერები ახალგაზრდა მკითხველთა წრიდან – “B612-დან” და ახლა მათთან ერთად ვახორციელებთ პროექტს. წლებია, განმუხურს ბიბლიოთეკა არ აქვს და გვსურს, საზღვაო ბიბლიოთეკამ იტვირთოს ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების სივრცის სტატუსი.

გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, მივიწყებული გემი განათლების კერად გადაიქცეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ სიკეთის შესახებ, რაც არის, ზოგადად, წიგნი.

გემიდან რამდენიმე მეტრში აფხაზეთის დეფაქტო საზღვარია და უკანონოდ გაბმული მავთულხლართები თითქმის ზღვის სიღრმეებამდეა ჩასული. სწორედ ამიტომ პროექტის განხორციელების იდეა წარმოადგენდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებლებთან მიაღწევდა, უკანონო ბორდერიზაციას კი უპასუხებდა და ეტყოდა, რომ ოდესღაც, აი, ამ წიგნებითა და განათლებით დატვირთული ახალგაზრდობა, სწორედ ამ წიგნებით დატვირთული შევა სოხუმში და კიდევ ერთხელ იტყვის, რომ წიგნებს და ბედნიერებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის მესიჯი, რომ წიგნიერების საშუალებით ერთ დღეს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს.

ამ პროექტის გარდა, “B612” ჯგუფთან ერთად, ბიბლიოთეკამ მრავალი ისეთი პროექტი განახორციელა, როგორიც არის “დარჩი ღამე ბიბლიოთეკაში”, ასევე, ჯგუფის წევრები სოფლის ბიბლიოთეკებში დილამდე ვკითხულბდით და ნაკითხს ერთმანეთს ვუზიარებდით. ამასთან, გვქონდა წიგნების ეკრანიზაცია, ახალგაზრდული პროექტები და სხვა.

ბესიკ არახამიას თქმით, ძალიან დიდი სტიმულია, რომ მათ პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ, მხარდაჭერა გამოუცხადა და “ეროვნული ბიბლიოთეკისგან” ისინი წიგნებს მიიღებენ. გარდა ამისა, არახამია გვიყვება კერძო სექტორზე, რომელმაც პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვა.

იმის გათვალისწინებით რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მიხედვით, ბიბლიოთეკების მოვლა-პატრონობა ადგილობრივ თვითმმართველობებს ევალებათ, პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტიც აქტიურად არის ჩართული. არახამია კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი იდეის ავტორებს პროექტის განხორციელებაში აქტიურად უჭერს მხარს.

წლებია, განმუხურს ბიბლიოთეკა არ აქვს და გვსურს, საზღვაო ბიბლიოთეკამ იტვირთოს ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების სივრცის სტატუსი

“ჩვენ დაგვიკავშირდნენ თიბისი ბანკიდან და ისინი ამ პროექტში გენერალური სპონსორის როლს იკისრებენ. ასევე, გადმორიცხეს გარკვეული თანხა, რომ დაიწყოს პირველადი სამუშაოები, რომელიც მოიცავს მივიწყებული გემის გაწმენდას, შეღებვას, მოხატვას და ა.შ. ასევე, ფინანსურად გვეხმარებიან “საქართველოს თხილის მეწარმეთა ასოციაციიდან”, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, პროექტს დახმარებოდნენ, თუმცა, კონკრეტულ თანხებს ვერ დავასახელებ”.

იდეის ავტორები სამუშაოებს უკვე შეუდგნენ – ამ დროისთვის გემის გაწმენდა და მოპირკეთებაა დაწყებული.

“ახლა ბიბლიოთეკის ზედა მხარეს ვაწყობთ, თუმცა, გემს აქვს კაიუტებიც, სადაც, შესაძლოა, მოეწყოს “კარცელ-ლუქსის” მსგავსი სივრცეები. ზედა მხარე რამდენიმე მხატვრის მიერ, მათივე ხედვებით, ხელით მოიხატება, ასევე, მოეწყობა ბადეები და ისეთი სივრცე, რომელიც ყველას “თავბრუს დაახვევს”. გემის ზედა ნაწილის რეაბილიტაციას, დაახლოებით, 10 000 ლარი სჭირდება, თუმცა, ქვედა მხარის მოსაწყობად დაანგარიშებული ბიუჯეტი ჯერ არ გვაქვს. გვსურს პროექტი მომავალი წლისთვის დავასრულოთ და სავარაუდოდ, შემდეგი საზღვაო სეზონიდან გავხსნათ”, – ამბობს არახამია და იმედოვნებს, რომ წიგნიერების ცენტრის გასახსნელად თანხების სრულად მობილიზებას კერძო და საჯარო პარტნიორობით შეძლებს.