დავით ჭიჭინაძე: ერთადერთი, რაც ახლა გადაგვარჩენს, პროტესტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

350

ერთადერთი, რაც ახლა გადაგვარჩენს, პროტესტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი და საზოგადოებას აუხსნას, თუ ვინ დგას ე.წ. ფარული ჩანაწერების უკან.

„გამოვიდეს თავისი „ჭარბი ნდობით“ და გაგვცეს პასუხი, თქვას, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება, სიმართლე არ არის. სად არის, რატომ არ ჩანს, თან ისიც აგვიხსნას, თუ ოპოზიცია ისმენს, იწერს, ავრცელებს მთელ ამ სიბინძურეს და ქვეყნის აფეთქება შეუძლიათ, მაშინ „ქართული ოცნება“ რატომ არის ხელისუფლებაში?! ისე, ივანიშვილს, როგორც მერაბიშვილი და ადეიშვილი მოსწონდა თავის დროზე, ისევე მოსწონს ახლა კობახიძე. როგორც ჩანს, გადახრების მქონე ადამიანები ხიბლავს და ამაშია უბედურება. მოკლედ, ვფიქრობ, აღარ არის ახლა ადგილობრივი არჩევნების დრო. ერთადერთი, რაც ახლა გადაგვარჩენს, პროტესტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია “ლელო” და პარტია “საქართველოსთვის” ფაილებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამასთან, გახარიას პარტიაში სურთ, პროცესში ლომჯარიაც ჩაერთოს. ამასთან, გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა“. ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის ძმაა.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.