მოსმენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, სადაც ისრები ოპოზიციაზე გადააქვს, აბსურდულია და რეალურად, სწორედ ივანიშვილი აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს წლების განმავლობაში, ხოლო პრემიერ- მინისტრი ვინ არის და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, მნიშვნელობა არ აქვს.
“აბსურდში ამ ქვეყანას და საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილი ვერ შეიყვანს. ყველამ კარგად ვიცით, რომ 9 წლის მანძილზე არავის არ ეკითხებიან ან პრემიერი ვინ იქნება ან სუს- ის უფროსი, თუ არა ერთ ადამიანს, რომელსაც დღეს არანაირი ოფიციალური პოზიცია არ უჭირავს და მე ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და პრემიერ – მინისტრი ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში და მას ღარიბაშვილი ჰქვია თუ გახარია, აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს და იწერს მოქალაქეების უზარმაზარ არმიას. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ, მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის.
ამ რეჟიმის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ამ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც უკვე წლების მანძილზე უპირისპირდება ამ ბოროტების რეჟიმს, რომლის ჭანჭიკიც იყო გახარია ჩემი აზრით საკუთარი პოლიტიკური გუნდით და შემადგენლობით,”- განაცხადა სამადაშვილმა.
გარდა ამისა,”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და ამ მიზნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ოპოზიციონერი დეპუტატთა ხელმოწერების შესაგროვებლად, მათთან კონსულტაციებს იწყებს.
ამასთან, ფრაქციის მოთხოვნაა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გამოცხადება და მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა.
“ორი დღეა ინტერნეტში 30 ათასამდე ფაილი გავრცელდა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სასულიერო პირების უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია პირუთვნელ გამოძიებას მოითხოვს. შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ.
მან მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმშია, პლენარული სხდომის მოწვევას დეპუტატთა სიითი შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ფაილებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარიას გუნდიც ითხოვს. ამასთან, გახარიას პარტიაში სურთ, პროცესში ლომჯარიაც ჩაერთოს. ამასთან, გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ.
ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა“. ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის ძმაა.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.