გიორგი გახარიას გუნდი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების პროცესში ომბუდსმენისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. ეს პარტიის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება გამოძიების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულებითაა დაკავებული და მათ ინტერესებში ჭეშმარიტების დადგენა არაა.
“მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ კი მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები”, – თქვა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ირიბად დაადასტურეს.
“ის, რაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია და ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ოცნების ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.
დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრაზე. საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს”, – თქვა ლილუაშვილმა.
13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე.
ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.