პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ მასალები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა“. ინფორმაციისთვის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გახარიას თანაპარტიელი დეპუტატის, გიგი ხოჯევანიშვილის ძმაა.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.