ვინ არიან და საიდან მოდიან სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები

613

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში, მერობისთვის 18 კანდიდატი იბრძვის – 2 ქალი და 16 კაცი. 18-დან ერთი დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია, 17 კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების. კანდიდატებიდან ორი მოქმედი მერია. როსტომ მაგრაქველიძე (ასპინძა) და ანივარდ მოსოიანი (ნინოწმინდა). 18 კანდიდატიდან პარტიას თანხა ორმა პირმა შესწირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

                                      ახალციხის  მერობის კანდიდატები

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი კონკურენცია ახალციხეშია. აქ მერის პოზიციის დასაკავებლად ექვსი კანდიდატი იბრძოლებს.

N2 –  ზურა სადათიერაშვილი – „ევროპული საქართველო“

დაიბადა 1976 წლის 11 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში. დაამთავრა ახალციხის N1 საჯარო სკოლა. სწავლობდა 1993 წელს თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის ფილიალში, გამოყენების ხელოვნების ფაკულტეტზე. არის ექსპერტი  სოფლის მეურნეობის საკითხებში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

2003-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ქეათ საერთაშორისო საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სპეციალისტად.

2010-2018 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოში ჯიპას საერთაშორისო მეცხოველეობისა და ვეტერინარების პროექტში. 2010 წლიდან პარალელურად მისდევს სოფლის მეურნეობას.

2017 წლამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შემდეგ კი, “ევროპულ საქართველოში” გადავიდა. 2020 წლის 9 სექტემბერს  ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2021 წლის 16 აგვისტოს ახალციხეში მერობის კანდიდატად დაასახელეს.

ზურა სადათიერაშვილი „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. მან  2017 წლის 28 სექტემბერს პარტიას 3 000 ლარი შესწირა. 2018 წლის 19 სექტემბერს – 2 000 ლარი .

N5 დავით ბალიაშვილი –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1972 წლის 11 ივნისს, ქალაქ ახალციხეში. დაამთავრა  ახალციხის N1 საჯარო სკოლა. 1991–1995 წწ. სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1994 წლიდან ოჯახური მცირე ბიზნესი პურის საცხობის სახით, ასევე სხვადასხვა ტიპის მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.  2007 წლამდე. 2007–2011 წლებში მუშაობდა ვალეში გამშვები პუნქტის უფროსის და მოადგილის პოზიციებზე.

2012 წელს სამცხე-ჯავახეთის იმდროინდელი გუბერნატორის თხოვნით დაინიშნა შპს „მექანიზატორის“ უფროსად სამცხე–ჯავახეთში, სადაც მხოლოდ სამი თვე დაყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც დავითი ამბობს, თანამდებობიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 2012–2016 წლებიდან კვლავ ბიზნეს საქმიანობაში ჩაერთო. 2016 წელიდან დღემდე კი, ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეა.

N9 – მანუჩარ ჩაჩანიძე – „ლელო საქართველოსთვის“

დაიბადა 1984 წლის პირველ აპრილის, ქალაქ ახალციხეში, სოფელ გიორგიწმინდაში. დაამთავრა ახალციხის N1 საჯარო სკოლა.  2001–2005 წწ  სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. 2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტი.  2020 წელს ჩააბარა ლვოვის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე და სწავლობს დღემდე, სპეციალობა საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ვალები და ვალდებულებები.

2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში ახალციხის ფილიალში. 2007–2009 წლებში პრივატ ბანკში, კორპორატიული მენეჯერი. 2011–2016 წლებში „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2018 წლიდან დღემდე არის შპს „საზღვრების გარეშე“–ს  დამფუძნებელი და დირექტორი.

N25 გიორგი არველაძე–  პატია „გახარია საქართველოსთვის“

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, გახარიას პარტიამ მერობის კანდიდატი მხოლოდ ახალციხეში დაასახელა.

გიორგი არველაძე დაიბადა 1984 წლის  2 მარტს, ქალაქ ახალციხეში. დაამთავრა  ახალციხის N1 საჯარო სკოლა. სწავლობდა:  თბილისის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის ფილიალში, იურიდიულ ფაკულტეტზე.  მისი სამუშო გამოცდილება ძირითადად ბიზნესის სფეროს უკავშირდება.  2003 წლიდან, ბაქო–თბილისი ჯეიჰანში მუშაობდა უსაფრთხოების მენეჯერად.  ასევე იყო შპს „არტის“ და შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ რეგიონული მენეჯერი.

2015 წლიდან მუშაობდა ახალციხეში „ვითიბი ბანკის“ უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერად, აღნიშნული თანამდებობა უკვე დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

N37 –  მიხეილ კეთილაძე – „თავისუფალი საქართველო“ 

დაიბადა 1956 წლის 29 სექტემბერს ქალაქ ახალციხეში,1973 წელის დაამთავრა ახალციხის N1 საშუალო სკოლა. 1968–73 წელებში სწავლობდა ახალციხის სამუსიკო სკოლაში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისში, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. 1979 წელს მუშაობდა თბილისში 11–ე სამუსიკო სკოლაში. პარალელურად, მუშაობდა შინაგან სამინისტროს ჯარში მერვე პოლკში. ასევე წლების განმავლობაში იყო დირიჟორი და საორკესტრო ფაკულტეტის ხელმძღვანელი.

1989 – 1995 წლებში ხელმძღვანელობდა ასპინძის სამუსიკო სკოლას. 1984–2005 წლებში იყო ახალციხის სამუსიკო სკოლის მასწავლებელი. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კავკასიის ფედერაცია“. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

N41 ირაკლი ლაზარაშვილი –  „ქართული ოცნება“

დაიბადა 1983 წლის 2 ივლისს, ქალაქ ახალციხეში. დაამთავრა ახალციხის N5 საჯარო სკოლა.  2000–2004 წლებში სწავლობდა ივჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მენეჯმენტის და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი სახელმწიფო და მუნიციპალური მართვა სპეციალობაზე. ამავე უნივერსიტეტში გააგრძელა  სწავლა მაგისტრატურაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. პარალელურად დაუსწრებლად 2003–2007 წლებში სწავლობდა  ივჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე.

2009–2015 წწ მუშაობდა თბილისში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.  2015–2020 წწ. იყო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი. 2020 წლიდან დღემდე არის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

                                            ასპინძის მერობის კანდიდატები

ასპინძის მუნიციპალიტეტში მერობისთვის „ქართულო ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იბრძოლებს.

N41– როსტომ მაგრაქველიძე „ქართული ოცნება“

დაიბადა 1973 წლის პირველ ნოემბერს ასპინძაში. 1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა. 1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით კონსტრუქტორ-ტექნოლოგი.1995-1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ. 1997-2006 წლებში იყო ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე. ამასთანავე, 2003-2004 წლებში იყო N 39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2006 წლიდან  ხელმძღვანელობდა N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას. პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად.
2017 წლიდან დღემდე არის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

N5 – გიორგი გიორგაძე  – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1981 წლის 6 მაისს, დაბა ასპინძაში. 1998 წელს დაამთავრა, დაბა ასპინძის საჯარო სკოლა. 2004–2006 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ქალაქებისა და სოფლების ელექტრო მომარაგების ფაკულტეტზე, სპეციალობა ენერგეტიკოსი.

2010-2013 წლებში მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სამსახურში დირექტორის პოზიციაზე. 2014–2019 წლებში იყო ასპინძაში საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2017–2020 წლებში მუშაობდა შპს „ენერგონის“, ქვის საამქროს ხელმძღვანელად.  1998 წლიდან 2021 წლამდე ასპინძაში მუშაობდა ბავშვთა სახლის სამეურნეო ნაწილის გამგედ. 2013 წლიდან გაწევრიანებულია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

                                        ბორჯომის მერობის კანდიდატები

ბორჯომში მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გივი ჯოლბორდი.  ბორჯომში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს „ევროპული საქართველო“ უჭერს.

N41 ოთარი არბოლიშვილი –„ქართული ოცნება“

დაიბადა 1977 წლის 26 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბანში, 1995 წელს დაამთავრა დაბა წაღვერის საშუალო სკოლა. 1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2002 წელს. 2002 წლიდან 2005 წლამდე მუშობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში. 2005-2006 წლებში  მუშაობდა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში. 2007-2012 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით. 2013-2015 წლებში მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული იქნა დაბა წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად. 2018 წლიდან აირჩიეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2020 წლიდან, როცა მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

N5 გივი ჯოლბორდი –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1975 წლის 12 თებერვალს, ქ. ბორჯომში. 1992 წელს დაამთავრა ბორჯომის რაიონის ყვიბისის საშუალო სკოლა. 1996 წელს დაამთავრა პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტი.

1997-1998 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №12131 სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში; 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ბორჯომის სამხარეო საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლად. 2004-2005 წლებში მუშაობდა ბაქო-ჯეიჰანის დაცვის სამსახურში სმენის უფროსად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

                              ახალქალაქის მერობის კანდიდატები

ახალქალაქში მერობის სამი კანდიდატი ჰყავთ, „ ქართული ოცნებიდან“, საკრებულოს დეპუტატი მელქონ მაკარიანია,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მელიქ რაისინი.

N5  მელიქ რაისიანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

მელიქ რაისიანი დაიბადა 1961 წლის 11 აპრილს. დაამთავრა ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის საფინანსო აღრიცხვის ფაკულტეტი. 1982-1983 წლებში იყო ერევნის N2 პურის ქარხნის მთავარი ბუღალტერი; 1983-1988 წლებში ბინების საექსპლუატაციო-კომუნალური განყოფილების გამგე; 1988-1992 წლებში ახალქალაქის საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი;
1992-1994 წლებში ნინოწმინდის საბაჟოს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსის მოადგილე. 1995-2004 წლებში იყო პარლამენტის წევრი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“. 2004-2008 წლებში იყო პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. 2012 წლის გაზაფხულზე რაისიანმა „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭირა მხარი და პარტიის ახალქალაქის შტაბის წევრი იყო. 2012 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, იგი თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. 2013 წლის  21 იანვარს იგი საქართველოში სომხეთის საზღვრიდან შემოვიდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალქალაქში „ნინო ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კნდიდატი იყო.
2020 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. რაისიანს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ შეწირულობა არ უფიქსირდება.

N41 მელქონ მაკარიანი „ქართული ოცნება“

დაიბადა  1986 წლის 19 დეკემბრის ქალაქ ახალქალაქში, 2004 წელს დაამთავრა  სოფელ ბარალეთის საჯარო სკოლა. 2012 წელს დაამთავრა „გიუმრის პროგრესის“ უნივერსიტეტი. 2013 წელს იყო „ქართული ოცნება“ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი.  2014 წელს იყო ფრაქცია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე.  2017 წლის არჩევნებზე საკრებულოში შევიდა „ქართული ოცნების“ პარტიიდან. მელქონ მაკარიანის სახელით ეკონომიკური საქმიანობის ღია მონაცემთა ბაზებში არცერთი ბიზნესი არ არის რეგისტრირებული. ის დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

N2 არსენ კარაპეტიანი – „ევროპული საქართველო“ 

დაიბადა 1982 წლის 19 ივლისს, ახალქალაქში. 2000-2004 წწ. სწავლობდა სომხეთის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.  ასევე დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “სისხლის სამართლის” სპეციალობით.

2005-2007წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის ფილიალში, იურიდიულ ფაკულტეტზე; 2005-2008 წლებში მუშაობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის განყოფილებებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული განყოფილების უფროსი; 2012 -2016 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში. 2016 წელს იყო  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში. კარაპეტიანი  „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია. მან 2017 წლის 28 სექტემბერს პარტიას 4 160 ლარი შესწირა; 2018 წლის 20 სექტემბერს – 2 000 ლარი; 2019 წლის 25 დეკემბერს კი პარტიისთვის უფიქსირდება 1 025 ლარის არაფულადი შეწირულობა. 2020 წლის  4 სექტემბერს შესწირა 2 000 ლარი. მთლიანობაში მის მიერ პარტიისთვის შეწირული თანხა 9 185 ლარს შეადგენს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

                                       ნინოწმინდის მერობის კანდიდატები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მერის ადგილის დასაკავებლად, სამი კანდიდატი იბრძოლებს. „ქართულმა ოცნებამ“ მოქმედი მერი ანივარდ მოსოიანი, წარადგინა, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი კანდიდატი ავაკ ბდოიანია. რეგიონის მასშტაბით, ნინოწმინდა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატი ჰყავთ. სურენ მოსოიანი ხუთკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

N41 ანივარ მოსოიანი – „ქართული ოცნება“

ანივარდ მოსოიანი დაიბადა 1974 წლის 9 მაისს ქ. ნინოწმინდაში. 1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა; 1996 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი; 2000 წელს დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ ფსიქოლოგისა და ქართული ენის მასწავლებლის სპეციალობით; 1994 წლიდან დღემდე ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია; 2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი;
2009-2013 წლებში ეკავა ქ. ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; 2017 წელს იგი ნინოწმინდაში პარტია „ქართული ოცნებიდან“ მერი გახდა, რომელ პოზიციასაც იკავებს დღემდე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

N5 ავაკ ბდოიანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა: 1978 წლის 9 აპრილს, ნინოწმინდაში. დაამთავრა ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა. მიღებული აქვს არასრული უმაღლესი განათლება.1996–98 წწ მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.  როგორც თავად აცხადებს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონია, იგი წლების მანძილზე ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

N51 – სურენ მოსოიანი -დამოუკიდებელი კანდიდატი

დაიბადა 1964 წლის 25 დეკემბერს, ქალაქ ნინოწმინდაში. 1980 დაამთავრა ქ. ნინოწმინდის N1 საშუალო სკოლა. 1984 წელს ერევანში დაამთავრა ეკონომიკის უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი. 1991–1992 წწ  იყო ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე. 1992–1993 წლებში ხელმძღვანელობდა პრივატიზაციის კომისიას. 2002–2006 წწ იყო ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. 2006–2009 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გაწევრიანებული იყო  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. 2009 წლის შემდეგ მცირე საოჯახო ბიზნესით არის დაკავებული.

                                     ადიგენის მერობის კანდიდატები

ადიგენში მერის პოზიციის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძოლებს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი პარლამენტარი გოჩა ქიმაძე დაასახელა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კი ადიგენის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი, მარეხი დათიაშვილია.

N41 გოჩა ქიმაძე – „ქართული ოცნება“

დაიბადა: 1960 წლის პირველ იანვარს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1982-1994 წლებში იყო 26 კომისრის სახელმწიფო საზოგადოებრივი კვების ტრესტი, საქონელმცოდნე. 1994-1999წწ. რესტორან “ალაზნის” დირექტორი; არის მე-6 და მე-5 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

N5 მარეხი დათიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“

მარეხ დათიაშვილი 2014 წლამდე ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მან თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სკოლის დირექტორებისთვის პრემიების სახით გამოყოფილი თანხების მისაკუთრებაში დაადანაშაულა. შემდგომ  წლებში იგი  იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.