ცაგერისა და ლენტეხის თანამდებობის პირთა არასრულად შევსებული დეკლარაციები – TI-ის კვლევა

585

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს 45-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 15 არასრულად შევსებული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-18 პრიმა მუხლის თანახმად, თუკი თანამდებობის პირი ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებს საწარმოს, რომელსაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია, საჯარო სამსახურის ბიურო მას დარღვევას არ დაუდგენს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” მოკლებულია შესაძლებლობას, გადაამოწმოს საწარმოს ბრუნვები. შესაბამისად, კვლევაში მოცემულია არადეკლარირებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაცია, ბრუნვის გადამოწმება კი საჯარო სამსახურის ბიუროს პრეროგატივაა.

ცაგერის მუნიციპალიტეტი

მიხეილ მეშველიანი – ცაგერის მერის მოადგილე

მიხეილ მეშველიანის მამა, თენგიზი მეშველიანი, ფლობს 70% წილს შპს “არმაზში”. მიხეილ მეშველიანის დედა, ფატმან ქარსელაძე, ამავე საწარმოში ფლობს 10% წილს. ფატმან ქარსელაძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც მიხეილ მეშველიანმა არ ასახა ქონებრივ დეკლარაციაში.

ზურაბ ხეცურიანი – ცაგერის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

ზურაბ ხეცურიანი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. მისი მეუღლე, ნონა ბერიძეც ინდივიდუალური მეწარმეა, რაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას დეკლარაციაში არ აუსახავს.

დავით ჩაკვეტაძე – ცაგერის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

დავით ჩაკვეტაძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც მან 2020 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა. ასევე დავით ჩაკვეტაძეს, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2018 წლიდან რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 89.03.21.032, რომელიც 2020 წლის დეკლარაციაში, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, არ მიუთითა.

გიორგი გუგავა – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

გიორგი გუგავა ფლობს 50% წილს შპს “მეურნეში”, რაც 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.

რეზო ხეცურიანი – ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

რეზო ხეცურიანი ფლობს 50%-იან წილს შპს ”ვიტაკან- ჯორჯიაში”. კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას აღნიშნული ინფორმაცია არც ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებია და არც სხვა პირისთვის გადაუცია ეს წილი მართვის უფლებით.

მამუკა ხაბულიანი – ცაგერის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ხაბულიანი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩაუწერია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ბადრი ლიპარტელიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი

ბადრი ლიპარტელიანის შვილი, ჯოგო ლიპარტელიანი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მან დეკლარაციაში არ მიუთითა.

ზურაბ ლიპარტელიანი – ლენტეხის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

ზურაბ ლიპარტელიანი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც მას ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავს.

გერმანე ქურასბედიანი – ლენტეხის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

გერმანე ქურასბედიანმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის რეგისტრირებულია შპს “მძლეოსნობის სასახლეს” დირექტორად, რაც “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, შეუთავსებელი
საქმიანობაა.

ხათუნა ლიპარტელიანი – ლენტეხის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

ხათუნა ლიპარტელიანის მეუღლე, გოჩა ლიპარტელიანი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ხათუნა ლიპარტელიანმა ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა.

ამირან ქურასბედიანი – ლენტეხის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

ამირან ქურასბედიანის მეუღლე ნინო გაზდელიანი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ამირან ქურასბედიანს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული.

ირინე ლიპარტელიანი – ლენტეხის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

ირინე ლიპარტელიანი და მისი მეუღლე, მირიან ჯანხოთელი, საჯარო რეეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულნი არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, რაც ირინე ლიპარტელიანს ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავს.

ირაკლი ქურასბედიანი – ლენტეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე

ირაკლი ქურასბედიანის მამა, გრიშა ქურასბედიანი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს “ლენტეხის საგზაო 2000”-ში ფლობს 14.3%-იან წილს, ასევე გრიშა ქურასბედიანი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ირაკლი ქურასბედიანმა ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა.

მირიანი ლიპარტელიანი
ლენტეხის საკრებულოს ფრაქცია “ძლიერი მუნიციპალიტეტის” თავმჯდომარის მოადგილე

მირიანი ლიპარტელიანის მამა, არდაშ ლიპარტელიანი ინდივიდუალური მეწარმედ არის რეგისტრირებული, რაც, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მირიანი ლიპარტელიანს ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავს.

მამუკა მუკბანიანი – ლენტეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე

მამუკა მუკბანიანის მეუღლე, ლანდა ლიპარტელიანი, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც მამუკა მუკბანიანს ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავს.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.