მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატის თამარ კეკენაძის განცხადებით, თბილისი რეგიონის ცოდნისა და ტექნოლოგიების ცენტრი უნდა გახდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, კანდიდატმა თბილისის განვითარების პროგრამის პრიორიტეტების ნაწილზე ისაუბრა.
„2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პოლიტიკური ამოცანაა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება. თუმცა, ამ პროცესის პარალელურად, მესამე ძალის გუნდი, როგორც თბილისში, ასევე ყველა რაიონში, ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობს განვითარების კონკრეტულ გეგმებს. მე როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, თბილისის გუნდთან ერთად, დავიწყე დისკუსია თბილისელებთან, ყველა იმ პრობლემაზე, რაც ამ ქალაქში მაცხოვრებლებს გვაწუხებს. ჩვენი პროგრამის ყველა ინიციატივა მიმართულია იმისკენ, რომ გავაუმჯობესოთ ადამიანების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ასევე მივცეთ თბილისელებს საშუალება მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. დღეს ვისაუბრებ ჩვენი პროგრამის ორ პრიორიტეტზე.
ყველა უბანი დედაქალაქის სახე- ყველა უბანი უნდა განვითარდეს თანაბრად და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება საკუთარი საცხოვრებლის მახლობლად შეძლონ ყველა ტიპის სერვისის მიღება, რისთვისაც ყველა უბანში შევქმნით ახალი ტიპის მუნიციპალურ სახლებს. იმისათვის, რომ ბევრი მკვდარი უბანი გავაცოცხლოთ, ძველი საწარმოო ტერიტორიები, რომლებიც მრავლად არის თბილისის ბევრ უბანში, შეიძენს ახალ ეკონომიკურ ფუნქციას.
თბილისი უნდა გახდეს რეგიონის ცოდნისა და ტექნოლოგიების ცენტრი- ვგეგმავთ შევქმნათ მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც განთავსდება შესაბამისი ინდუსტრიული ობიექტები, დაწესდება სპეციალური საგადასახადო და საბაჟო შეღავათები. ამავდროულად, ყოველწლიური გრანტები გამოიყოფა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის და კვალიფიკაციის ამაღლება მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით“, – აცხადებს კეკენაძე.