პოლიტიკურმა მოძრაობამ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ 2 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობის, საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„მესამე ძალის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „მესამე ძალამ“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე წარადგინა.
„თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე. თამარი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვის და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე საქართველოს მისიაში ნატო-ში.
სერგო ჩიხლაძე გახლავთ პოლიტიკური მოძრაობის „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩვენი პარტიული და საპარლამენტო გუნდის აქტიური წევრი. სერგოს აქვს პროექტების მართვის 15-წლიანი გამოცდილება. სერგო ჩიხლაძე, როგორც მენეჯერი და საერთაშორისო ექსპერტი ჩართულია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებში და ინიციატივებში.
მუშაობდა აშშ-ში ჯანდაცვის სისტემების განვითარების საკითხებზე. მას მიღებული აქვს სახელობითი სიგელები აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნისაგან. ის არის ადგილობრივი და ამერიკული საერთაშორისო სამეცნიერო და პროფესიული ასოციაციების წევრი“, -განაცხადა კანდიდატების წარდგენისას გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება თბილისის მასშტაბით საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ცეკვავა იქნება, ისანში „მესამე ძალის“ კანდიდატი თეონა ჭალიძე იქნება. გლდანში გიორგი ვაშაძემ ნანა ტოხვაძე წარადგინა, ხოლო დიდუბეში ოთარ ბაღათურია. სამგორში „მესამე ძალის“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ იაშვილი იქნება, ხოლო მთაწმინდაზე პარტიის სახელით არჩევნებში ირაკლი გოგუაძე იბრძოლებს. ვაკეში „მესამე ძალის“ კანდიდატი პაატა ჩიქოვანი იქნება. ჩუღურეთში ვაშაძემ ავთანდილ ჩართოლანი წარადგინა, ხოლო ნაძალადევში მისი პარტიის მხრიდან თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა კორთხონჯია იქნება.