მარნეულის სამხედრო დასახლებაში სპორტულ მოედანს მოაწყობენ

517

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამხედრო დასახლებაში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობისათვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

სამხედრო დასახლებაში მცხოვრებმა 150-მა ოჯახმა სტადიონის მოწყობის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა. 2020 წლის პირველ ივლისს სამხედრო დასახლებაში მცხოვრებმა ნონა სამხარაძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ ვინაიდან ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზეა მშენებლობის ნებართვის აღება რთული იყო. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა და მერიას მიმართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამხედრო დასახლებაში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონის მოწყობისათვის ტენდერი მოსახლეობის მოთხოვნიდან ერთ წელში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მერია თავდაპირველად სამხედრო დასახლებაში სტადიონის მოწყობას არ გეგმავდა, რასთან დაკავშირებითაც განცხადება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

დღეს, 2 აგვისტოს, მამედოვმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რომ სამხედრო დასახლებაში სტადიონს ადგილობრივი თვითმმართველობა მოაწყობს.

სტადიონის მოწყობის სამუშაოებისათვის მერია 149 222 ლარს დახარჯავს. კომპანია, რომელიც მერიის ტენდერში გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.