„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინფორმციას „ჯივიპის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ტუმბოების დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
„ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც ჩატარდება, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება. აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეტი რაოდენობის წყალი მიიღოს.
ზედა ზონების წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 ივლისისთვის დაასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.